არჩევნების გაყალბების ფაქტების გამოსაძიებლად საჭიროა ევროკავშირის მექანიზმის ჩართვა - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით „TV პირველის“ მომზადებულ სიუჟეტებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს მასალები ადასტურებს მათი კოალიციის პოზიციას, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებული ფაქტები საერთაშორისო მისიამ უნდა გამოიძიოს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც ატარებს რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს საქართველოს არჩევნებში  და რომელიც ატარებს მრავლობითი დანაშაულის ნათელ კვალს, ამას სჭირდება საერთაშორისი საგანგებო გამოძიება.

ეს ვერ და არ იქნება გამოძიებული „ქართული ოცნების“ ჯიბის პროკურატურის მხრიდან ორი მიზეზის გამო, პირველი, ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ ნათელია, რომ მათ ჰქონდათ დაუსჯელობის აბსოლუტური გარანტია და განცდა ამისა.

სხვა შემთხვევაში იმ დანაშაულებრივ სქემაში არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი მონაწილეობას არ მიიღებდა იმიტომ, რომ ნათელია, ისინი მრავლობითად არღვევდნენ კანონს და მონაწილეობდნენ დანაშაულში. რომ არ ჰქონოდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, უმთავრესად ორგანიზატორებს, ამ დაუსჯელობის სრული განცდა და გარანტია ხელისუფლებისგან მინიჭებული, ისინი ამ სქემაში მონაწილეობას რა საკვირველია არ მიიღებდნენ.

ამიტომ, ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ქვეყანაში არსებობს არის სწორედ სამართალდამცველი უწყებების პასუხისმგებლობა მათ შორის პროკურატურის, რომელიც წლებია არ იძიებს საქმეებს და არათუ არ იძიებს საქმეებს, დაკავებულია მათი ჩაფარცხვით და მტკიცებულებების გაქრობით მნიშვნელოვანი საქმეებიდან.

მეორე, რომ ჰქონოდა საქართველოს პროკურატურას სურვილი და რეალური ნება არჩევნებთან დაკავშირებით მრავლობითი გაყალბების და დანაშაულების გამოძიების, მას არ დასჭირდებოდა საგამოძიებო სიუჟეტი და თავად მიიღებდა იმ ზომებს, რომელთა მიღებაც მას ევალება საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საჭიროა საგანგებო საგამოძიებო მექანიზმის შემუშავება საერთაშორისო მისიის მიერ.

„ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც შეისწავლის ფაქტებს და დაადგენს მომხდარის დანაშაულებრივ ბუნებას სრულად მიუკერძოებლად, ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების გარეშე.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ შეგროვებული გვაქვს ათობით მტკიცებულება რომელიც ადასტურებს არჩევნების მიტაცების ფაქტებს და იმას, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.