არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად, NED პროგრამებს აფინანსებდა - „ხალხის ძალა“

პუბლიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, [აშშ-ის] საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები“.

„ხალხის ძალა“ ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ნედთან“ დაკავშირებით დეზინფორმაციას და ანტიამერიკულ განცხადებას ავრცელებს.

„საინტერესოა, რომ ქართული ენჯეოების ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია – „ნედი“ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას. ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკკამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა.

როგორც გაირკვა, საელჩომ არა მხოლოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯეოს მეშვეობით, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკკამპანიასაც აფინანსებდა. საინტერესოა, რომ არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად, „ნედი“ არა მხოლოდ შესაბამის პროგრამებს აფინანსებდა, არამედ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტებს უშუალოდ ხელფასებსაც კი უხდიდა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დეპუტატები აქვე წერენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას“.