არჩევნების II ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე – ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნები, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, „რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.“

„კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების დარღვევების ფაქტები.

ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებსა და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში აღინიშნა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფა და ზეწოლის ფაქტები. რაც შეეხება ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია, თუმცა დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები. არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა დოლიძემ.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი და 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.