არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის გიორგი  ვაშაძის განაცხადებით, მისი პოზიციაა, რომ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე ოპოზიციამ უარი უნდა თქვას. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცევა ისე, როგორც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან.

„ლეგიტიმაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, აქვს ამ არჩევნებს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! – მასობრივი მოსყიდვა, მასობრივი ძალადობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მორჩეს უბანთან ადამიანების ხროვად მისვლა, რომლებიც უბრალოდ ფსიქოლოგიურ, მენტალურ ზემოქმედებას, ძალადობას ახდენენ მოქალაქეებზე. ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ,“- განაცხადა ვაშაძემ.

„ მე ჩემი ხედვები მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, გეგმა ყოველთვის გვაქვს და ამ გეგმას აუცილებლად შევთავაზებ ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს. პირდაპირ გეუბნებით, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ოპოზიციებს ურტყამდნენ და მათ შორის ჩვენც თავს გვესხმოდნენ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა იმ შედეგების, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ამიტომ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ თვითონ ვერაფერს ვერ მოიმკის, როცა სხვას ესხმის თავს,“- განაცხადა ვაშაძემ.