არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესადგენად ცესკო ხვალ შეიკრიბება, – როგორც ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სხდომის დღის წესრიგში წერია, სხდომა ხვალ, დილის 11 საათზე დაიწყება.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.