არჩევნების საკითხებზე პლებისციტი, როგორც წესი, არ ტარდება - მდინარაძე

პუბლიკა

„სულ, რომ ვიღაც ობიექტურად ფიქრობდეს, რომ არჩევნებზე სერიოზული ხარვეზები იყო, ასეთ საკითხებზე პლებისციტი, როგორც წესი, არ ტარდება“, – რიგგარეშე არჩევნების თაობაზე პლებისციტის ჩატარების საკითხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ასე ეხმაურება.

„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე პლებისციტის საკითხზეც იყო საუბარი.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ბოკერიას თქმით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი მათი მხრიდან კომპრომისული წინადადებაა.

„დიდი ხანია, ეს საჯაროდ ცნობილია, არაფერი სიახლე არაა. დეტალურად მოხდა ამის ახსნაც. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით დაყენებული საკითხი, თავის დროზეც კი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პლებისციტის კითხვა უნდა იყოს, გსურთ თუ არა ამა და ამ კონკრეტულ თარიღში, და არა შორეულ მომავალში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

რა თქმა უნდა, პლებისციტი უნდა ჩატარდეს სამართლიან, თავისუფალ ატმოსფეროში, რაც გულისხმობს უპირველესად პოლიტიკური დევნის შეჩერებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რეფორმების იმ პაკეტს, რომელიც უკვე შეტანილია ოპოზიციის მხრიდან. ეს ჩვენი მხრიდან სწორედ ამიტომაა კომპრომისული წინადადება, რომ ჩვენი საზოგადოების თავისუფალ ვერდიქტს ყველა უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.