„არჩევნების შემდეგ ყველა ვარიანტში ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე და როგორ მოვიქცევით, ეს დამოკიდებული იქნება ბიძინა ივანიშვილზე, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს“, – ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, 30 ოქტომბერს ამომრჩევლების მაღალი აქტივობაა საჭირო, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა გზით შედეგების გაყალბება ვერ შეძლოს.
ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით, 30 ოქტომბერს ისტორია უნდა დაიწეროს.
„თეთრი შურით მშურს ხოლმე, ბავშვი ვიყავი, როგორ მოხდა, აქვე ვცხოვრობდი და 89 წლის 9 აპრილს ვერ ვიყავი რუსთაველზე. დიდი პატივი იყო, იქ ვინც მოახერხა ყოფნა და იგივე პატივი იქნება 30 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ ძალიან ორგანიზებული და მობილიზებული იქ, სადაც პირველი ბრძოლის ხაზი გავა, საარჩევნო უბნებზე ვიქნებით და ამის შემდეგ ვიზეიმეთ გამარჯვებას თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მისგან შეცდომის დაშვებას ელოდება.
„უფლება არ გვაქვს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა და ჩასაფრებული იყო, ჯერ ხომ იმედი ჰქონდა, რომ ამდენი არ შევიკრიბებოდით და აქ ხომ შეცდა, ერთი იმედი აქვს, რომ იქნებ რამე სახით შეცდომა დავაშვებინო 30 ოქტომბერს ნიკა მელიას, მეგობრებთან ერთად და ხან იქ შევარდება და ხან აქ შევარდება… არაფერი არსად შესავარდნი არ გვაქვს. წინ გველოდება ისტორიული თარიღი, 30 ოქტომბერი, სადაც ეს ქვეყანა და სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ“, – განაცხადა მან.
მელიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებამდე ბრძოლა გაგრძელდება.
„ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. ყველა, გარდა სამარცხვინო მოღალატე ხელისუფლებისა, ოკუპანტებისა, კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია, მთელი ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილთან სოლიდარულია. ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის გარეთ არ გამოვა, არა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არა როგორც მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, როგორც პირველ რიგში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, – განაცხადა მელიამ.