არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საბა ბუაძე გამოიკითხა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, საბა ბუაძე. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.

საბა ბუაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან თქვა, რომ პროკურორებს ძირითადად პოლიტიკური შინაარსის კითხვები ჰქონდათ, რაც არ იყო საქმესთან შემხებლობაში.

„ეს არის წინასწარ ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოტივაციით შედგენილი შეკითხვები, რომლის მიზანიცაა, რომ საბოლოოდ გამოვიდეს რომელიმე ურცხვი ივანიშვილისა და რუსეთის სამსახურში მყოფი პროკურორი და საზოგადოებას უთხრას, რომ არ არსებობს მტკიცებულებები. ადგილი ჰქონდა, მაგალითად, გარდაცვლილი ადამიანების შეყვანას საარჩევნო სიაში, რაც თავის მხრივ არის ძალიან მძიმე დარღვევა, მე დღეს წარვადგინე კონკრეტული ფაქტი – ვიდეოზე აღბეჭდილია გარდაცვლილი ადამიანის დედა, რომელიც საუბრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი 4 წელზე მეტია გარდაცვლილია, მაინც იმყოფება საარჩევნო სიაში“, – თქვა ბუაძემ.

პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ თქვა, რომ კონკრეტული მტკიცებულება ბუაძეს არ დაუსახელებია და ზოგადად ისაუბრა მისთვის ცნობილ გარემოებებზე და ვარაუდები გამოთქვა.

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ სხვადასხვა პარტიის წევრები, ასევე „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია. პროკურატურამ გამოკითხვაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაიბარა, თუმცა მან თქვა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.