არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გიორგი კალანდარიშვილი და ეკა ბესელია გამოკითხეს

პუბლიკა

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დღეს, 21 ნოემბერს პროკურატურაში ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი, ეკა ბესელია გამოკითხეს.

რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უწყება ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. პროკურატურაში მისვლისას კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ არჩევნებზე არ დარღვეულა ფარულობა და არანაირი არსებითი დარღვევები არ ყოფილა.

„დღეს არის არჩევნებიდან 26-ე დღე და დღევანდელ დღემდე ჩვენ არ გვინახავს არც ერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც ითხოვდა იმას, რომ სისტემურ დარღვევას ან რაიმე ისეთ არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელსაც შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა შედეგებთან დაკავშირებით… არანაირ ფარულობის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, არანაირ არსებით დარღვევას არ ჰქონია ადგილი, რომელსაც შეეძლო, რაიმე გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებთან მიმართებაში“, – თქვა კალანდარიშვილმა.

ეკა ბესელიამ თქვა, რომ პროკურატურაში დატოვა ყველა ინფორმაცია, რომელიც აქვს ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან, ასევე უწყებას მიაწოდა ინფორმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ უბნებზე დარღვევების შესახებ.

„მკითხეს რა მეთოდები იყო ეს და დავასახელე ყველა მეთოდი დაწყებული პირადობის მოწმობების გაყალბებით, კარუსელებით, ხმის მიცემის პროცედურით, ფარულობით, რომელიც 90%-ს შეეხება უბნების, საყოველთაობის, ქვეყნის გარეთ მოქალაქეებისთვის უფლებების შეზღუდვის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის და კონკრეტული ოლქები და უბნებიც დავუსახელე“, – თქვა ეკა ბესელიამ.