არჩევნების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ნინო ლომჯარია გამოიკითხა

პუბლიკა

სადამკვირვებლო მისიის – „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია არჩევნების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

როგორც ლომჯარიამ განაცხადა, გამოძიებას არჩევნების გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები მიაწოდა.

„თავისუფალი თხრობით დაიწყო ჩვენების მიცემა, ჩემი სათქმელი მოვუყევი, ყველა ის შეფასება, რაც გავაკეთე, რას ეფუძნებოდა, რა მტკიცებულებებს და ყველანაირი მასალა გადავეცი, რაც თან მქონდა. კითხვები იყო, თუ ვიცით, ვინ არიან კონკრეტული ადამიანები, სახელები და გვარები, დამრღვევები, ვინ აძლევდა ხმას სხვის ნაცვლად, რაზეც ჩემი პასუხი ასეთი იყო, საჩივრები, რაც დავუტოვეთ, დეტალურად აღწერს, რომელ უბანზე ხდებოდა კონკრეტული დარღვევა, ვინ იყო იქ დამკვირვებელი, ვინ იყო სავარაუდო უფლებადამრღვევი. მტკიცებულებებია მოწმეთა ჩვენებები, საჩივრები, დამატებითი მასალები, საჯაროდ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებები.

საჩივრები ისეა დაწერილი, ერთობლიობაში თითოეულ საჩივარს დამატებითი მტკიცებულებები ახლავს, შესაბამისი ლინკი აქვს მითითებული, სადაც შეუძლია გაეცნოს პროკურატურა, საგამოძიებო ორგანო არის თუ არა დამატებითი მტკიცებულებები, „ფლეშკით“ გადავეცი შესაბამისი ფოტო და ვიდეომტკიცებულებები, ასევე ჩვენი დამკვირვებლების ასობით საჩივარი, დავუტოვეთ ყველაფერი.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და მთხოვენ დავუმტკიცო, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს პირიქით უნდა იყოს, ისინი არიან გამომძიებლები და მათი ინტერესი უნდა იყოს ყველა ინფორმაციაზე დროული რეაგირება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა, ნინო ლომჯარია „ზოგადი შეფასებებით“ საუბრობდა და სასამართლოს ის საჩივრები წარუდგინა, რომელიც სადამკვრვებლო მისიებმა შეიტანეს კომისიებში და სასამართლოებში.

„მოწმემ ნამდვილად წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები, მაგრამ ეს ძირითადად იყო ის საჩივრები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერაა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი და შემდეგ, გასაჩივრდა სასამართლოში. ასევე, მის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ვიდეომასალა მასობრივ საშუალებებში უკვე გასული სიუჟეტებია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ჩემი ხმის“ ვებ-გვერდზე ასახული ფოტო-ვიდეომასალაა, რომელიც უკვე წარმოადგენდა გამოძიების საგანს. დღევანდელ სხდომაზე მოწმემ თავისი ზოგადი შეფასებები განაცხადა, ის ძირითადად სიუჟეტებიდან და საჩივრებიდან გამომდინარე საუბრობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველა ამ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ფოტო-ვიდეომასალას შევამოწმებთ და დავგეგმავთ შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებს. განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია“, – განაცხადა პროკურორმა.


პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თენგიზ თევზაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე, ასევე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ სპიკერი ლონდა თოლორაია.

პროკურატურაში გამოიკითხნენ ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი, ეკა ბესელიაც.

გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და ბრიფინგზე საზოგადოების წინაშე საარჩევნო დარღვევებისა და შესაძლო გაყალბების მტკიცებულებების საჯარო პრეზენტაცია მოაწყო.