ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის დათქმებიდან ერთ-ერთი გულისხმობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ქართველებმა კი კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია.
ჰერჩინსკი ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა ე.წ. მიშელის დოკუმენტის პირობა იყო.
„ეს ქართველების გადასაწყვეტია, ჩვენი გადმოსახედიდან არჩევნებს აქვს აზრი, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ხმა დაცულია. ამიტომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გრძნობს, რომ მათი ხმა მომავალ პარლამენტში არ აისახება, არ არის გამართლებული.
მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რა დროსაც ბევრი პარტიაა წარმოდგენილი და წინსვლა ძალიან რთულია იმის გამო, რომ ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, ასევე არც მსგავსი სიტუაციაა სათანადო“, – განაცხადა ელჩმა. [IPN-ის თარგმანი]
ელჩმა ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ქართველები თავად დააბალანსებენ არჩევნების ჩატარების წესს და ყველასთვის თანაბარ პირობებს.
ელჩის ეს განცხადება შეაფასებინეს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
ის ამბობს, რომ 5%-ზე დაბალი ბარიერის სტანდარტი არ არსებობს, მათ შორის, უმეტეს ქვეყნებში. მისივე თქმით, 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვთ ოპოზიციურ პარტიებს.
„არანაირი სტანდარტი არ არსებობს 5%-იანზე დაბალი ბარიერის, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში არის სწორედ 5%-იანი ბარიერი. ეს თემა საიდან გამოჩნდა გასაკვირია. რასაც ვაკვირდები, ოპოზიცია თავს იმართლებს, სამჯერ გაზარდეთო, არავის გვაქვს პრობლემაო. მე რაც დავთვალე, 5-6-მა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი პრობლემა არ აქვს.
[…] არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს, 1%-იანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში. სინამდვილეში, ჩვენ არა გვაქვს პლურალიზმი და გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეულია რამდენიმე ერთეული პარტია. 5% არის ადეკვატური და სწორედ ამიტომაცაა უმეტეს ქვეყანაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარიერისთვის მოემზადონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.