არჩევნებს ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი ჯგუფი დააკვირდება - კარლ ჰარცელმა

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება, – განცხადებას ამის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, შაბათს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70-ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა. როგორც მან განაცხადა, მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და მიმდინარე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობაა.

„ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. არჩევნების დღეს, ჩვენ ვიკისრებთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგის უპრეცედენტო როლს. შაბათს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ევროპელ დიპლომატთა გუნდი ფართომასშტაბიან, კოორდინირებულ დაკვირვებას განვახორციელებთ. ყველა ერთად 70-ზე მეტი გუნდის მობილიზებას შევძლებთ და ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივალთ,“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ევროპელ დიპლომატთა გუნდი შედგება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან, მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები.