არჩევნებს შორის | როგორ შეიცვალა დიდ ქალაქებში მოსახლეობის განწყობა - რიცხვები

პუბლიკა

2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები ცნობილია. საინტერესოა, როგორ შეიცვალა მოსახლეობის განწყობა წინა, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით?

ჩვენ შევადარეთ ორი ძირითადი ძალის – „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მონაცემები. გასათვალისწინებელია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში მერობის კანდიდატებს მხარს ოპოზიციის ნაწილიც უჭერდა. 

მონაცემების თვალის გადავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება, რაც თვალში გვხდება ისაა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა მცირედით, თითქმის უმნიშვნელოდ იცვლება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის ერთობლივი მხარდაჭერა მკვეთრად, რამდენჯერმეა გაზრდილი.

მერების არჩევნები

თბილისი – 2017 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ხმების 17%-მდე მობილიზება შეძლო, რაც არჩევნებში მონაწილე დაახლოებით 60 000 თბილისელს ნიშნავს. 2021 წელს კი ნიკა მელიამ 100 000-ზე ხმით მეტი მიიღო.

რაც შეეხება  „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მან რიცხობრივად 10 000-მდე მეტი თბილისელის მხარდაჭერა დაიმსახურა, თუმცა პროცენტულად 7%-ით ჩამორჩა 2017 წლის თავისსავე შედეგს.

„ნაციონალური მოძრაობა”

2017 წელი – 16,59% (66 259 ხმა)

2021 წელი – 33,98% (162 669 ხმა)

„ქართული ოცნება”

2017 წელი – 51,09% (204 061 ხმა)

2021 წელი – 44,97% (215 303 ხმა)

რუსთავი – დრამატულად შეიცვალა ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერა. თუკი წინა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის”  კანდიდატმა, ზურაბ მაისურაძემ 7 500-მდე ხმა მოაგროვა, რაც ხმების 20%-ს ნიშნავდა, წელს დავით კირკიტაძეს რიცხობრივად სამჯერ მეტმა ამომრჩეველმა, თითქმის 21 500-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი. რაც 44%-ია.

3 000 ხმით მეტი მიიღო „ქართული ოცნების” კანდიდატმა, თუმცა,  პროცენტულად, წელს მან 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 9%-ით ნაკლები ამომრჩევლის ნდობა დაიმსახურა.

„ნაციონალური მოძრაობა“

2017 წელი – 19,8% (7 432 ხმა)

2021 წელი – 43,53%  (21 456 ხმა)

„ქართული ოცნება“

2017 წელი – 53,05% (19 910 ხმა)

2021 წელი – 44,83% (22,098 ხმა)

ქუთაისი – 2 ოქტომბრის არჩევნებში პირველ ტურში ქუთაისში ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე გრიგოლ ვაშაძემ წინა არჩევნებში. 

საპირისპიროდ, დიდად არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების მხარდაჭერა. 

„ნაციონალური მოძრაობა“

2017 წელი – 27,04% (14 084 ხმა)

2021 წელი – 43,35%  (28 128  ხმა)

„ქართული ოცნება“

2017 წელი – 48,66% (25 350 ხმა)

2021 წელი – 44,83% (26 922 ხმა)

ფოთი – სამჯერ მეტი ხმა მოაგროვა ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამაც, 2017 წლის არჩევნებში 5 ნომრით მონაწილე კანდიდატთან შედარებით. რიცხობრივად  თითქმის იდენტური შედეგი გაიმეორა „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა პროცენტულად 9%-ით ნაკლები აიღო. 

„ნაციონალური მოძრაობა“

2017 წელი – 12.81% ( 2 274 ხმა)

2021 წელი – 38,09%  (7 809  ხმა)

„ქართული ოცნება“

2017 წელი – 55,14% (9 792 ხმა)

2021 წელი – 46,86% ( 9 606 ხმა)

ბათუმი – იგივე მოხდა ბათუმშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერა წინა არჩევნებთან შედარებით გასამმაგებულია, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რიცხობრივად მცირედით გააუმჯობესა შედეგი და მკვეთრად გააუარესა პროცენტული მაჩვენებელი. 

„ნაციონალური მოძრაობა“

2017 წელი – 24,04% (11 761 ხმა)

2021 წელი – 41,97%  (31 443  ხმა)

„ქართული ოცნება“

2017 წელი – 55,95% (27 375 ხმა)

2021 წელი – 41,08% (30 776 ხმა)

ზუგდიდი – ზუგდიდში ანზორ მელიას შედეგი თითქმის სამჯერ მეტია წინა არჩევნებთან შედარებით, „ქართული ოცნება“  რამდენიმე ათასით ნაკლებ ხმას იღებს, პროცენტულად კი შესამჩნევად დაბლა იწევს მონაცემი. 

„ნაციონალური მოძრაობა“

2017 წელი – 20,35% (8 904  ხმა)

2021 წელი – 46,88%  (23 930  ხმა)

„ქართული ოცნება“

2017 წელი – 54,34% (23 776 ხმა)

2021 წელი – 41,15% (21 007 ხმა)

თელავი – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც, სხვათა შორის, იგივეა, ვინც 2017 წელს იყრიდა კენჭს, თითქმის აორმაგებს შედეგს. საპირისპიროდ, უფრო ნაკლებ ხმას იღებს წინა არჩევნებთან შედარებით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, პროცენტულად კი მკვეთრად ჩამორჩება წინა შედეგს. 

„ნაციონალური მოძრაობა“

2017 წელი – 27,71 % (7 207 ხმა)

2021 წელი – 45,42 %  (13 408 ხმა)

„ქართული ოცნება“

2017 წელი – 54,78% (14 245 ხმა)

2021 წელი – 46,75% (13 799 ხმა)

აქვე შევადარეთ თბილისში პროპორციული არჩევნების შედეგებიც. „ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით 65 000 ამომრჩევლით მეტ მხარდაჭერას აგროვებს წინა არჩევნებთან შედარებით. 10%-ზე მეტით აუმჯობესებს 2017 წლის მაჩვენებელს, ხოლო „ქართული ოცნება“  10 000-ზე მეტი ხმით ნაკლებს აგროვებს და მთლიანობაში, დაახლოებით 13%-ს კარგავს. 

პროპორციული – თბილისი

„ნაციონალური მოძრაობა“

2017 წელი – 17,66% (68 432 ხმა)

2021 წელი – 27,99% (133 922 ხმა)

„ქართული ოცნება“

2017 წელი – 53,15% (205 994 ხმა)

2021  წელი – 40,33% (193 001 ხმა)