არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა ქვეყანაში პოლარიზაციიის დასრულების შესაძლებლობაა - კობახიძე

პუბლიკა

„30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა – ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მოედანზე გამართულ შემაჯამებელ აქციაზე.

„2012 წელს, აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა, თავიანთი ერთიანობით, საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართველ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი.

ჩვენი პარტია – „ქართული ოცნება“ დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება. ყველას მინდა, მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. 30 ოქტომბერს ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და წინსვლისთვის გრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.