„1 სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. დღეიდან გამოქვეყნდა წინასაარჩევნო კამპანიის, ანუ აგიტაციის ყველა წესი“, – ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე. მიქელაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მიღებული დადგენილებით ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნება 2 – ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნები.
„ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს 4 სექტემბრისა. ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობაც.
„დღესვე ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები“, – თქვა მიქელაძემ.
მიქელაძის თქმით, ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით, საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას.