არჩევნებთან დაკავშირებული ერთ-ერთ კომპრომისი პლებისციტია | კაპანაძე

პუბლიკა

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე და ოპოზიციის მხრიდან შესაძლო კომპრომისებზე ისაუბრა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგის პროცესში ახალი იდეები აქვს. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ამ იდეების კონცეფცია პლებისციტის ირგვლივაა.

„არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მათ შორის ერთ-ერთია პლებისციტი. ამის ფორმა უკვე მოლაპარაკების საგანია და აქ შეთანხმებისთვის სივრცე არსებობს, იდეები გვაქვს, უბრალოდ, ამაზე საჯაროდ საუბარი, ვიდრე მოლაპარაკებები არ გაიმართება, არასწორია. მაგრამ კონცეფცია პლებისციტის ირგვლივაა“,- განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერშიფი კრიზისის გაღრმავებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე განმუხტვაზე.

„დამოკიდებულება, რომელიც გვესმის, რომ არაფერზე წამოვლენ, საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ის სტატუს-კვოა მისაღები და ყველა სხვა ალტერნატივა არასწორია, ნიშნავს იმას, რომ რაღაც უფსკრულისკენ მივექანებით. თუ მოლაპარაკებები ვარდება და კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და აგრძელებს ცხოვრებას, ვითომ არაფერი მომხდარა, ასეთ შემთხვევაში რეალურად გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ კიდევ ახალი ხარისხის ავტორიტარიზმი იყოს ქვეყანაში, ნიშნავს იმას, რომ პოლიტპატიმრებს იტოვებენ, აპირებენ რომ ერთპარტიული პარლამენტით გააგრძელონ მართვა, ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალი აქვთ და ეს არ ანაღვლებთ.“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

2 მარტს შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა აღარ გამართულა. ცნობილია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში პირადი წარმომადგენელი გამოაგზავნა, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის და გავრცელებული ინფორმაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მისი მონაწილეობით შეხვედრა პარასკევს, ან შაბათს გაიმართება.