საპროტესტო აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა დღეს, 2024 წლის 22 იანვარს, სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მოტყუებით დააკავეს, ასევე, მასზე მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, იყო შანტაჟი და მუქარა.
„დაკავების, დაკითხვის და შემდგომი პროცესი, ბრალის წარდგენამდე, იყო უკანონო. დაკავების პროცესი განხორციელდა მოტყუებით, დაკავების დრო იყო სხვა და ოქმში აღნიშნული დრო სხვა. იყო დაკითხვის ოქმებზე ხელმოწერისას მოტყუება. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა და ა.შ.“, – თქვა არჩილ მუსელიანცმა სასამართლო სხდომაზე.
1997 წელს დაბადებულ არჩილ მუსელიანცს პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.
მუსელიანცს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით. ის 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს.
მუსელიანცი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
დღევანდელი პროცესი წინასასამართლო სხდომაა, სადაც დაცვისა და ბრალდების მხარეების მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა განიხილეს.
ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, პოლიციელებმა არჩილ მუსელიანცს დაკავებისას სცემეს. ამასთან, ადვოკატის თქმით, მუსელიანცს დაკავების შემდეგ 5 დღის განმავლობაში დამცველი არ ჰყოლია.
ადვოკატმა სხდომაზე ბრალდების მხარის მხრიდან წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ისინი საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ვარდიაშვილის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პროცესზე ასევე განიხილეს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საკითხი. მუსელიანცმა და მისმა ადვოკატმა დააყენეს პატიმრობის 100-ათასლარიანი გირაოთი შეცვლის მოთხოვნა.
პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე აცხადებდა, რომ არ არსებობს დანაშაულის ხელახლა ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების ან მიმავლის საფრთხე, სწორედ ამიტომ უნდა გამოეყენებინათ გირაო.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არჩილ მუსელიანცის პატიმრობა ძალაში დატოვა.
მუსლიანცმა განაცხადა, რომ სასამართლო მოქმედებს მიკერძოებულად.
„რასაც ზემოდან დაავალებენ სასამართლოს, იმას შეასრულებს პირდაპირ და კითხვების გარეშე.
არ ვაპირებ არანაირ თანამშრომლობას რეჟიმის პროკურატურასთან, რეჟიმის უწყებებთან. არც დათმობას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ მიზამთ. ჩაკეტილი ვარ. კიდევ კარგი, დახვრეტა არ არის […]. ბრალდებას, რაც წარმიდგინეს, არ ვაღიარებ. საპროცესო შეთანხმებაზე ხომ საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა არჩილ მუსელიანცმა სასამართლო სხდომაზე.