„არეული ადამიანი გერმანიის ბუნდესტაგიდან“ — კობახიძე მიხაილ როთს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი შეურაცხმყოფელად მოიხსენია და მას „ბუნდესტაგის არეული წევრი უწოდა“.

კობახიძეს ჰკითხეს, მმართველი გუნდის ბრალდებებზე, რომ გარე ძალები საქართველოს არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ ერევიან და რომ ამ პრეტენზიაზე საუბარი არაა OSCE/ODIHR-ის წინასაარჩევნო ვითარების შესახებ შუალედური ანგარიშში.

„არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე, როცა მიდის საუბარი სანქციებზე, როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, როცა ბუნდესტაგი იღებს რეზოლუციას, როდესაც გამოდის პირდაპირ ბუნდესტაგის ერთ-ერთი არეული წევრი, მიხაილ როთი და პირდაპირ ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს ხომ ფაქტებია, რა შუაშია აქ უსაფუძვლობა, სად არის აქ უსაფუძვლობა, ყველაფერს აქვს თავისი მყარი საფუძველი“, – თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ მმართველი გუნდის ამ პრეტენზიის ციტირებაც კი არ მიიჩნიეს საჭიროდ, საპასუხოდ კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა – „მიხაილ როთი, არეული ადამიანი გერმანიის ბუნდესტაგიდან“, ამავე შენობიდან „ატარებს კამპანიას რადიკალური ოპოზიციისთვის, კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის, აქ რაში გჭირდებათ ეუთო/ოდირი“.

როთი სიტყვით გამოვიდა ბუნდესტაგის იმ სხდომაზე, რომელზეც კენჭი ეყრებოდა საქართველოზე კრიტიკულ რეზოლუციას. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და თქვა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.

ბუნდესტაგმა რეზოლუცია უკვე მიიღო. პროექტის საბოლოო ვერსიაში გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესს, თუმცა მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების” „ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს”. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ კურსით ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ და ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს. რეზოლუციის პროექტით ასევე მოთხოვნილია, რომ არ მოხდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში, სანამ ძალაშია რუსული კანონი.