„არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერ პარტნიორობას"- დეგნანი

პუბლიკა

„არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, აშშ არსად წასვლას არ აპირებს და საქართველოს გვერდით იდგება მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის.

„არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ, რაც სწორედ ამაზეა გათვლილი. ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაციას, არამედ ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმის, რომელიც გამოდის საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ.

მივიჩნევ, რომ საქართველოს ხალხი საკმარისად საზრიანია – მინიმუმ, ისინი, რომლებსაც მე შევხვედრივარ, ძალიან საზრიანად უდგებიან ამას. ისინი მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ, დაინახონ – როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იქნებიან აქ საქართველოსთვის, ვინაიდან აქ ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას არ ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის“, – თქვა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა მის მიმართ მმართველი პარტიის წევრების კრიტიკაზეც გააკეთა კომენტარი. ელჩმა აღნიშნა, რომ კრიტიკას ის პირადულად არ აღიქვამს და მთავარია, რას ამბობს ქართველი ხალხი.

„პოლიტიკოსები ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო. მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ, სხვადასხვა დროს: 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ კონცერტზე.

სრულიად ნათელია, რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს. როცა ჩვენ – საქართველოს უძლიერესი, საუკეთესო მხარდამჭერი, საუკეთესო პარტნიორი და მეგობარი, ვლაპარაკობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თუ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, საქართველოს დახმარებაზე, უკეთესად დაიცვას საკუთარი საზღვრები და მოიგერიოს აგრესია, ვგულისხმობთ სწორედ ამას, რაზეც ვმუშაობთ საქართველოსთან პარტნიორობით 30 წლის განმავლობაში.

სრულიად მარტივი საკითხებია: ვეხმარებით საქართველოს, უკეთესად დაიცვას საზღვრები, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, წაახალისოს თავისი ეკონომიკა, შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში დარჩენა, კარგად ცხოვრება, ოჯახების გაზრდა იქ, სადაც სურთ და არ იყვნენ იძულებულები, წავიდნენ უცხოეთში ან თბილისში.

ვეხმარებით საქართველოს, ააშენოს ძლიერი, მედეგი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ვინაიდან ქართველებს სურთ იცხოვრონ ევროპულ დემოკრატიაში. ეს ძალიან ნათელია. და ვიდრე ეს არის საქართველოს ხალხის მიზანი, ჩვენ ვართ აქ ამის მხარდასაჭერად. მივიჩნევ, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად – როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც”, – განაცხადა კელი დეგნანმა.