ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გაიმეორა ირაკლი ღარიბაშვილის კომენატარი, რომელიც საუბრობდა უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანაზე მისი აზრით „ომის პარტიის“ წარმომადგენლების მხრიდან. მდინარაძის თქმით, ყველამ იცის, რომ მებრძოლთა ნაწილი თავისი რწმენით იბრძვის, მეორე ნაწილი კი „ომის პარტიის“ წევრებმა წაიყვანეს ომში.
„თქვენც იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან. ასეთებიც არიან. არიან ადამიანები, რომლებიც თავისი გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით იბრძვიან და ასეთებიც ბევრნი დაიღუპნენ მათ შორის.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც მინდა სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ყველა ახლობელს და მთელ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს.
მესამე, თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ მაინცდამაინც ერთი მიმართულებით უნდა გაიგოთ, თქვენგან განსხვავებით, სწორად იგებს ქართული საზოგადოება. დიახ, ყველამ ვიცით, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების. ეს ხომ ასეა, მე ხომ არ ვიგონებ?! თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სოფელ-სოფელ და რაიონ-რაიონ დადიან“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მებრძოლთა ნაწილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ ომში. მისი თქმით, ოპოზიცია ეცდება, რომ ამისი თქმის შემდეგ იმიჯური ზიანი მიაყენონ, მაგრამ პასუხს აგებს თავის სიტყვებზე.
„გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნიათ რწმენა, რომ იბრძვიან თავისუფლებისთვის, თავისი ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ არიან ადამიანები, ომის პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ ამ ბრძოლაში და ამ ომში. არიან, ეს ხომ იცით ყველამ, მე მგონია, რომ იცით და უბრალოდ ახლა არ ამბობთ…
მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი გმირულად იბრძვიან არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავისი ქვეყნისთვისაც. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიან და ვიღაცები მიჰყავთ უკრაინის ომში. ასეთებიც არიან, ორივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.