„არიან მოწმეები, რომლებიც ახსენებენ კალანდაძეს გამოკითხვის ოქმებში“ - პროკურორი გარეჯის საქმეზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს გამოიკითხება.

საქმე ეხება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლითაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტს იძიებს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი წევრი [ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა] და გამოკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის, დავით-გარეჯის მონასტრის მღვდელმსახურები და წინა ხელისუფლების ჩინოსნები.

საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე მედიასთან განმარტავს, რა გახდა ნინო კალანდაძის გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი.

„არიან მოწმეები, რომლებიც ახსენებენ ნინო კალანდაძეს გამოკითხვის ოქმებში; გარდა გამოკითხვის ოქმებისა, არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია; ეს არის მის მიერ გაცხადებული ინფორმაცია, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ყოფნისას, ასევე, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც უკავშირდება ჩვენს სისხლის სამართლის საქმეს….

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მან განაცხადა თითქოსდა დავით გარეჯი არ მიეკუთვნებოდა საქართველოს ტერიტორიას,“ – აცხადებს პროკურორი.

სახელმწიფო ბრალმდებლის მტკიცებით, ნინო კალანდაძის გამოკითხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ხდება.

„გვაქვს მოლოდინი, როდესაც ასეთ პოზიციას აფიქსირებდა მოწმე თავის დროზე მაღალ პოზიციაზე ყოფნისას, ასევე შემდგომ პერიოდში, აქვს გარკვეული ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ და საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა დააანონსა.

ჟურნალისტებმა პროკურორს ჰკითხეს, რატომ არ არის ამ დრომდე გამოკითხული ირაკლი ღარიბაშვილი, რაზეც ბრალმდებელმა განაცხადა, რომ უწყება ამ ეტაპზე გამოკითხვის საჭიროებას ვერ ხედავს.