არის აღქმა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ქმედებები სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს არ შეესაბამება - გვრიტიშვილი

პუბლიკა

„მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დღეს მოსამართლეთა შეხვედრის შემდეგ.

დიმიტრი გვრიტიშვილი ამ კომენტარით ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, სასამართლოსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის დასრულებამდე შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად შეაჩერონ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

გვრიტიშვილის თქმით, იუსტიციის სკოლაში დღევანდელ შეხვედრაზე მოსამართლეებმა ისაუბრეს, მათი თქმით, სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე. მათ შორის, სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლების მეშვეობით, რომლებიც სასამართლოს იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე, გვრიტიშვილის თქმით, მოამზადეს მიმართვის ტექსტიც, რომელსაც ხელს მოსამართლეები აწერენ.

„დავაფიქსირეთ მოთხოვნა ყველას მიმართ, სხვა სახელისუფლებო შტოები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტი, ვინც ჩართულია, რამენაირი ფორმით პოლიტიკურ სამართლებრივ დისკუსიებში, და აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მისი ხელყოფის მცდელობა“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.