პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ტრადიციული განცხადების დროს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებასა და მედიკამენტების ფასზე ისაუბრა. მისი თქმით, „წამლის ფასები ძალიან გაზრდილი არის ჩვენს ქვეყანაში“.
„ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ყველა ამის თაობაზე არის უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ესაუბრა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, რომელიც მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს რამდენიმე დღეში წარუდგენს მთავრობას. მან ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, ჩაერთოს პროცესში და საზოგადოებას დროულად წარედგინოს არსებული ვითარების ანალიზი.
„არ მინდა, წინასწარ დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ბევრი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300- და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ჩვენ ეს უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, იმიტომ, რომ ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.