არის ხალხი, ვინც პანდემიის პერიოდში ფულს გაჭირვებულების ხარჯზე აკეთებს – რომის პაპი

პუბლიკა

რომის პაპმა, ფრანცისკემ გააკრიტიკა ხალხის ნაწილი, ვინც, მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისით სარგებლობს და გაჭირვებულების ხარჯზე სწრაფად გამდიდრებას ცდილობს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„არის ხალხი, ვინც პანდემიის პერიოდში ფულს გაჭირვებულების ხარჯზე აკეთებს, ვისაც აქვს წვდომა იმ საჭიროებებზე, რაც სჭირდება ხალხს და ამით სარგებლობენ – მაფიოზები, მევახშეები და ბევრი სხვა. იმედი მაქვს, ღმერთი შეეხება მათ გულებს და შეცვლის“ – თქვა რომის პაპმა წმინდა პეტრეს ტაძარში წირვისას, რომელიც პანდემიის გამო მრევლის გარეშე ჩატარდა.

კორონავირუსის პანდემიას უკვე 81 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აქედან, 16 500 იტალიაში გარდაიცვალა.  ქვეყანაში, რომელმაც კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო, ვირუსთან ერთად ხელისუფლებას სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა, რომლებიც კრიზისში მარტივი შემოსავლის მიღების გზებს ხედავენ.

იტალიის პოლიციამ ჩრდილო იტალიაში დააკავა ორი პირი, რომლებმაც საავადმყოფოდან სამედიცინო ნიღბები და სანიტარული სითხეები მოიპარეს. ასევე, იტალიის მაფიასთან ბრძოლის სამსახური აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მაფიოზებმა შესაძლოა, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს სესხი შესთავაზონ და მაფიაზე დამოკიდებულები გახადონ.

როგორც Reuters წერს, სამედიცინო და ჰიგიენური აღჭურვილობით არალეგალური ვაჭრობის ფაქტები გამოვლინდა აშშ-შიც.

ამას გარდა, რომის პაპმა დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკრიტიკა პოლიტიკოსები. „მე მაწუხებს პოლიტიკოსთა უმრავლესობის თვალთმაქცობაც, რომლებიც საუბრობენ კრიზისის მოგვარებაზე, მსოფლიოში შიმშილის პრობლემაზე, მაგრამ ამ დროს ფულს ხარჯავენ იარაღის შესაქმნელად“, – თქვა ფრანცისკემ.

რომის პაპის თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყანა უფრო კარგად უმკლავდება პანდემიას, მაგრამ ამ კრიზისმა უნდა დააფიქროს სახელმწიფოები, რომ მეტად იზრუნონ გაჭირვებულ მოსახლეობაზე.

„ეს არის გარდაქმნისა და ერთიანობის დრო. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, რომ არ დაკარგოთ ყველაფერი. კრიზისმა უნდა დაანახოს ხელისუფლებებს, რომ გაატარონ სტრუქტურული ეკონომიკური ცვლილებები გაჭირვებულთა უკეთ დასახმარებლად, განსაკუთრებით უსახლკაროებისთვის“, – თქვა ფრანცისკემ.