„გამოიყურება მხნედ, მაგრამ არის სუსტად”, – მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.
მისივე თქმით, მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა. როგორც ყიფშიძე ამბობს, უკვე რამდენიმე დღეა სააკაშვილს აღარ ჩასტარებია ანალიზები და შესაბამისად, არ იციან, რა მდგომარეობაშია მისი სასიცოცხლო პარამეტრები.
„არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს, იღებს მხოლოდ დასაწყნარებელ წამალს, ერთ ცალს დასაძინებელს და ასევე გლუკოზის აბებს, დაახლოებით 2-3 ცალს დღეში.
ყველაზე სავალალოა ისაა, რომ არავითარი კონტაქტი პრეზიდენტსა და ამ ორგანიზაციის ექიმებს შორის არ არსებობს. ნდობა არაა, არ იღებს წამლებს, არ იკეთებს ტესტებს, მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა.
გარკვეული ტრემორი [ხელის კანკალი] აღენიშნება, ვერ გეტყვით რის გამოა. ეს შეიძლება ათასი რაღაცის გამო იყოს, შეიძლება კალიუმის ნაკლებობის, შეიძლება სხვა რაღაცის ნაკლებობის . მოკლედ მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა. პრეზიდენტი საჭიროებს მკურნალობას…”, – ამბობს ყიფშიძე.
შეკითხვაზე, არის თუ არა აუცილებელი მისი სამოქალქო კლინიკაში გადაყვანა, ყიფშიძე პასუხობს, რომ აუცილებელია.
„აუცილებელია, იმიტომ, რომ ჩვენ ტესტები არ გაგვიკეთებია უკვე რამდენიმე დღეა, ასე რომ არ ვიცით სასიცოცხლო მაჩვენებლები რამდენი აქვს. ეს არ შეიძლება, მით უმეტეს მოშიმშილე პაციენტში”, – ამბობს პირადი ექიმი.
მას ასევე ჰკითხეს ტომოგრაფიის აპარატზე, დამონტაჟდა თუ არა ის. მისი თქმით, აპარატი არ დამონტაჟებულა და ის შესასვლელში დგას.
მისივე ცნობით, ხვალ, დღის პირველ ნახევარში დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც ალბათ თავადაც დაესწრება.