გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხვა ადგილას, რუსულნომრებიანი მანქანების ესკორტი გადაადგილდება.
საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ერთ-ერთი ავტომობილის ნომერი ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის ოჯახის მიერ სხვადასხვა დროს თავიანთი მანქანისათვის გადაღებულ ვიდეოკადრებში დაფიქსირებულ ნომერს დაემთხვა.
რუსულნომრიანი მანქანების ესკორტის გამოჩენას ხელისუფლებიდან 4 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე გამოეხმაურა. სამხარაძე წერდა, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოში გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული, არცერთ მათგანს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.
„რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა.
სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია“, – წერდა დიტო სამხარაძე.
არის თუ არა ასლანბეკ ახმეტხანოვი „კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი“?
რუსულენოვანი გამოცემა Кавказский Узел-ის მიხედვით, ჩეჩნეთის პროპუტინისტმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა თანმხლებ პირებთან ერთად 2020 წლის 1 აპრილს საჯაროდ გაკიცხა ასლანბეკ ახმეტხანოვი. ამის ამსახველი ვიდეო გროზნოს სახელმწიფო ტელევიზიითაც გადაიცა.
როგორც Кавказский Узел წერდა, კადიროვი ჩეჩენ ბიზნესმენს კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევის, სუფრაზე სროლისა და ალკოჰოლის მიღების გამო აკრიტიკებდა.
გამოცემის მიხედვით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ახმეტხანოვი, შეზღუდვების მიუხედავად, სუფრასთან ზის, ერთ-ერთ ვიდეოში ისმის ქალის ხმაც, რომელთან ერთადაც ის რეგულაციებს დასცინის. გავრცელებულ კადრებში ახმეტხანოვი სუფრაზე იარაღიდანაც ისვრის და, ასევე, დამამცირებელი ფორმით მოიხსენიებს მას, ვინც ალკოჰოლის მიღება აკრძალა. მუსლიმებისთვის კი ალკოჰოლის მიღებას ისლამის მოძღვრება კრძალავს.
ამ ვიდეოკადრების გამო, კადიროვმა ახმეტხანოვი ისლამის მოძღვრების, ჩეჩნური ტრადიციებისადა კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში მთელ ჩეჩნეთს ენით დაასუფთავებინებდა.
კადიროვი ასევე ახსენებს, რომ ახმეტხანოვის სახლიდან დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს, რაც, მისივე თქმით, ასევე მიუღებელია. ჩეჩნეთის ლიდერმა ახმეტხანოვს მისი შვილის მიერ რუსეთში გამართულ ერთ-ერთ ჩემპიონატზე წამოწყებული ჩხუბიც შეახსენა. ახმეტხანოვმა კადიროვს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდებოდა.
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ასლანბეკ ახმეტხანოვი რამდენიმე კვირა აღარ გამოჩენილა. თუმცა Кавказский Узел-ის მიხედვით, იმავე თვის ბოლოს გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ჩეჩენი ბიზნესმენი თავის სოფელშია, ნათესავებთან ერთად.
რამზან კადიროვსა და ასლანბეკ ახმეტხანოვს შორის დაპირისპირების სხვა მაგალითი რუსულენოვან მედიაში არ მოიძებნება. ასევე არ იძებნება ინფორმაცია, რომ კადიროვმა ბიზნესმენი დააპატიმრა.
ვინ არის ასლანბეკ ახმეტხანოვი?
რუსულენოვან მედიაში ასლნაბეკ ახმეტხანოვის შესახებ ვრცელი ინფორმაცია არ არის. ახმეტხანოვი რუსული მედიის ცნობებით, არა კადიროვთან დაპირისპირებული ბიზნესმენი, არამედ მისი გარემოცვის წევრია. Кавказский Узел წერდა, რომ სავარაუდოდ, კადიროვის წრეში ყოფნისა და ფინანსური რესურსების წყალობით მოხდა, რომ რამზან კადიროვი მხოლოდ საჯაროდ გაკიცხვით შემოიფარგლა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ახმეტხანოვი კომპანია Юг-нефть-ის დირექტორთან საბჭოს თავმჯდომარეა. Юг-нефть თავდაპირველად 2006 წელს მოსკოვში დარეგისტრირდა. კომპანია არაერთი მსხვილი კონტრაქტის მონაწილე იყო. მათ შორის, კომპანიამ გააფორმა გრძელვადიანი ხელშეკრულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ინფრასტრუქტურისთვის კაბელების მიწოდებაზე.
2019 წელს Юг-нефть-ის პირველი კომპანიის ლიკვიდაცია მოხდა, მაგრამ იმავე წელს იმავე სახელით ახალი კომპანია დარეგისტრირდა.
ასლანბეკ ახმეტხანოვს რამდენიმე ბიზნესმენთან ერთად ფინანსური დანაშაულის ბრალდებაც წაუყენეს. იმის მიუხედავად, რომ დანაშაული რამდენიმეწლიან პატიმრობას ითვალისწინებდა, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ბიზნესმენს 2020 წელს მხოლოდ ერთწლიანი პირობითი სასჯელი დააკისრა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიჩნეულია, რომ ასლანბეკ ახმეტხანოვი აფინანსებს და მართავს ახალგაზრდულ სპორტულ შეჯიბრებებსაც. მისი 9 შვილიდან 3 ამ შეჯიბრებების მონაწილე და პრიზიორიცაა.
Кавказский Узел წერს, რომ გაკიცხვისას კადრიოვი ახმეტხანოვს მეტსახელითაც მოიხსენიებს. ჩეჩენ ბიზნესმენს მეტსახელად „ეშმაკს“ უწოდებენ. გამოცემის ცნობით, მათთან სხვადასხვა წყარო ახმეტხანოვის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირსაც ადასტურებს. ერთ-ერთი წყარო ბიზნესმენს „90-იანების კაცს“ უწოდებს.
გამოცემის მიხედვით, ერთ-ერთი პატიმრის დედამ, რომელსაც უვადო პატიმრობა მიესაჯა, საჯაროდ მოსთხოვა ახმეტხანოვს ფულის დაბრუნება. პატიმრის დედა ამტკიცებდა, რომ „ეშმაკმა“ ფული აიღო და მათ სასამართლოსგან განსხვავებულ ვერდიქტს დაჰპირდა.