„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს – ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ, სავარაუდოდ, მოქალაქეებს უსმენენ? არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“?
ამ შეკითხვის საპასუხოდ მდინარაძემ თქვა, რომ ეს ძალიან ზოგადი შეკითხვაა.
„ქვეყანაში რაც ხდება, იმაზე ზოგადად პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება? ასეა ზოგადად…
ახლა რაც შეეხება, როდესაც გუშინაც ვსაუბრობდი და „ტვ პირველმა“ და მისმა ლიდერებმა შეგნებულად დამალეს, თითქოს 2012 წლამდე ჩანაწერებზე ვსაუბრობდი, არადა ორჯერ ვუპასუხე, რომ თუ სადმე რეალური ინფორმაცია გამოერია, …ვის მიერ იყო ჩაწერილი, ვის მიერ იყო დამონტაჟებული, გავრცელებული, ამაში კონკრეტული ინტერესი იკვეთება და თუ თქვენი და საზოგადოების ინტერესია, გაიგონ, ვისი ავტორობითაა შესრულებული, ამას გამოძიება დაადგენს, რომელიც დღეს არ ხდება და დარწმუნებული ვარ, ეს არ ხდება შემთხვევით“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანია ორი მიმართულებით წავა, ეს იქნება „ფეიკები, ზიზღის ენა“ და არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
მდინარაძეს მიაჩნია, რომ თუკი მართლა გავრცელდა რეალური ჩანაწერები, გამოსაძიებელია – ვინ და როდის ჩაიწერა, ვის მიუწვდებოდა ხელი ასეთი საქმეების კეთებაზე, როცა, მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ სტილი არაა.
„სანამ მხოლოდ სუბიექტური ადამიანები და სუბიექტური ინტერესის ადამიანები ატარებენ, მე ვერ დავიჯერებ, არც არდაჯერების საფუძველი მაქვს, არც დაჯერების.
მე არ ვიცი, თუ მართლა დადასტურდება გამოძიებით, რომ რეალური მასალები არსებობს და ამას დაადასტურებს კომპეტენტური ორგანო, მაშინ გამოსაძიებელია – ვინ ჩაიწერა, როდის, ვის მიუწვდებოდა ხელი, ვისი ინტერესი იყო, დღეს ვინ გაავრცელა და ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გავიგებთ ჩვენით, დაადგენს საგამოძიებო უწყება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.