„არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტინაციონალური მოძრაობის პოზიცია – „იმედის“ დირექტორი

პუბლიკა

ეგ სიტყვა დაივიწყე. გეხვეწები რა. დაბალანსებული დაივიწყე რა. დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს. ცუდია დაბალანსებული, – ეს სიტყვები „იმედის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა ლალიაშვილს ეკუთვნის. ასე მან 2019 წლის 24 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე  ბიზნესის რედაქციის აღმასრულებელ პროდუსერსა და ამავდროულად, გადაცემის წამყვანს, ანა ცხოვრებოვას მიმართა.

ამავე შეხვედრაზე ნიკა ლალიაშვილმა ანა ცხოვრებოვას უთხრა, რომ „იმედს“ აქვს პოზიცია და ეს პოზიცია არის ანტინაციონალური მოძრაობის პოზიცია.

ახლა ამ არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული. არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტინაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა რა, ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული“.

ანა ცხოვრებოვასა და ნიკა ლალიაშვილის შეხვედრების დამადასტურებელი აუდიოჩანაწერები  დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილებასთან ერთად გამოაქვეყნა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართეს: ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა.

ისინი 2020 წლის თებერვალმდე „მაესტროს“ გადაცემა „ბიზნესის სიახლეების“ ჟურნალისტები იყვნენ. როგორც თავად განაცხადეს, მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რამაც, საბოლოო ჯამში, ჟურნალისტები აიძულა, დაეტოვებინათ ტელეკომპანია. განმცხადებლების აზრით,

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ნიკა ლალიაშვილმა ქარტიის მე-2 პრინციპი დაარღვია. მეორე პრინციპის მიხედვით, დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს თავისი სინდისის წინააღმდეგ“.

ანა ცხოვრებოვას თქმით, 2019 წლის 24 დეკემბერს ნიკა ლალიაშვილთან შეხვედრაზე დაიბარეს მხოლოდ ბიზნესის რედაქციის აღმასრულებელი პროდუსერი და ამავდროულად, გადაცემის წამყვანი, ანა ცხოვრებოვა. ამ დროისთვის ლალიაშვილი იყო ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე (ტელეკომპანია „მაესტრო“ „იმედის“ ჰოლდინგში შედიოდა). მან გააკრიტიკა ცალკეული სიუჟეტები, რომლებიც, მისივე თქმით, „კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ“. 24 დეკემბერის შეხვედრის აუდიოვერსია იხილეთ ბმულზე.

ამის შემდეგ გადაცემაზე მომუშავე ჯგუფი კიდევ რამდენჯერმე შეხდვა არხის დირექტორს.  შეხვედრაზე ლალიაშვილი, ძირითადად, განიხილავდა ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკის აუცილებლობას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობას.

თითოეული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი განთავსებულია ქარტიის გვერდზე და ასევე თან ერთვის ტრანსკრიპტები.

ნიკა ლალიაშვილის კომენტარს ანა ცხოვრებოვასთან შეხვედრის შესახებ „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. გამოცემასთან ლალიაშვილმა დაადასტურა ცხოვრებოვასთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ , გულისხმობდა ბალანსის სხვა გაგებას, ხელოვნურ ბალანსს, ვინაიდან „ბუნებაში პროცესები დაბალანსებული არ არის” და ამავე დროს, ის გულისხმობდა ბალანსს, როგორც მეთოდს:

ამ შემთხვევაში, საუბარი იყო ყალბ ბალანსზე, იმ მორიგ მითზე, რომელსაც ცდილობენ, ჩუნერგონ საზოგადოებას. არანაირი ბალანსი ბუნებაში არ არსებობს. ჩვენი, ამ შემთხვევაში იმედის ამოცანაა, რომ პროცესები – საზოგადოებრივი და  პოლიტიკური – აღვწეროთ ისე, როგორც ისინი არსებობს. რადგან პროცესები ბუნებაში დაბალანებული არ არის, როგორც კი შევეცდებით, დაბალანსებულად აღვწეროთ პროცესები, მომენტალურად მოვახდენთ მასში მყისიერ ჩარევას. ეს არის არხის ფილოსოფია, რომელსაც ეფუძნება არხის პოლიტიკა, ჩვენ გავურბივართ ხელოვნურ ჩარევას. ჩვენი ამოცანაა, არ გავამრუდოთ რეალობ, ვაჩვენოთ ეს რეალობა ისეთი, როგორიც არის. რეალობა არ არის, სამწუხაროდ, დაბალანსებული. ასე ცხოვრობს სამყარო. ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს რელობას Fake News-ის გარეშე და როდესაც მე ვამბობ – დაივიწყე ბალანსი, ვგულისხმობ, დაივიწყე ბალანსი, როგორც მეთოდი“.