რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების შეშფოთებას უკრაინის საზღვრების სიახლოვეს რუსული სამხედრო შეიარაღების გააქტიურებასთან დაკავშირებით.
პესკოვის თქმით, რუსეთი არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს და შეშფოთებაც უსაფუძვლოა. თუმცა, თავის ტერიტორიაზე რა მიმართულებითაც საჭიროდ მიიჩნევს, იქით გადაიყვანს ჯარს.
„რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც საჭიროდ მიაჩნია და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ მიიჩნევს, რომ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოება“, – აცხადებს პესკოვი და დასძენს, რომ ეს არავისთვის არ უნდა წარმოადგენდეს თუნდაც მცირედი შეშფოთების საგანს. „რუსეთი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება, მათ შორის, უკრაინასაც“, – თქვა პუტინის პრესსპიკერმა.
დონბასში, კონფლიქტის ზონაში უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია რუსული ჯავშანტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. დონბასში საკონტაქტო ხაზზე გახშირდა სროლა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც როგორც უკრაინელ, ისე სეპარატისტ და რუს სამხედროებს შორის.
რუსეთი ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში სამხედრო გააქტიურებას „დასავლეთი 2021-ის“ დაგეგმილი სამხედრო სწავლებით ხსნის. თუმცა უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება.
ამასთანავე, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკის გადასროლა უკრაინისკენ თავისი ცენტრალური რეგიონებიდანაც დაიწყო, რაც შეიარაღებული ძალების მასშტაბურ მობილიზაციაზე მიანიშნებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში საყოველთაო მობილიზაცია დაიწყო.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურებას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელმაც უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის კი რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე სატელეფონო საუბარიც შედგა.