„არქეოლოგებმა გამოხატეს დიდი სოლიდარობა, რაც ბრძოლის გაგრძელების სტიმულს მაძლევს“ - ბიძინაშვილი

პუბლიკა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილს, რომელიც 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა ოროზმანის ძეგლზე არქეოლოგიურ ექსპედიციებს, არქეოლოგიური გათხრების ნებართვას არ აძლევს.

სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ძეგლზე არქეოლოგიურ სამუშაოებს თავად სააგენტო გეგმავს.

გიორგი ბიძინაშვილი ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელია. ის მუზეუმიდან 2022 წელს გაათავისუფლეს, მისივე თქმით, წულუკიანის სამუზეუმო პოლიტიკის კრიტიკის გამო.

ოროზმანის ძეგლის კვლევა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო.

გათავისუფლების შემდეგ ძეგლზე სამუშაოების გასაგრძელებლად ნებართვისთვის სააგენტოს მიმართა, თუმცა წელიწადი და 2 თვეა, პასუხი არ მიუღია.

აღნიშნული ნებართვის  მისაღებად ბიძინაშვილმა სასამართლოსაც მიმართა და ამავე საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა ომბუდსმენმაც, რომელმაც სააგენტოს ბიძინაშვილისთვის ნებართვის დაუყოვნებლივ გაცემა დაავალა, თუმცა უშედეგოდ – სააგენტოს ომბუდსმენის მიმართვა არ გაუთვალისწინებია.

ეს ის ძეგლია, სადაც 2022 წელს ადრეპლეისტოცენის ჰომინინთა, სავარაუდოდ, Homo erectus-ის ნამარხი კბილი აღმოჩნდა. გიორგი ბიძინაშვილი ამ ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო.

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადება სიცრუე იყო. განცხადებაში ჩანდა ეს. ამბობენ, რომ წინა წლებში გაიცემოდა ჩემზე ნებართვა, რაც მართალია, თუმცა გაიცემოდა მაშინ, როცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა.

მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულებიდან წამოსული თანამშრომლები მოვიდნენ ხელმძღვანელობაში, რომელიც წულუკიანმა მოიყვანა, მათ ჩემთვის ნებართვა არ მოუციათ.

2022 წელს ნებართვა სხვა პროფესორზე გაიცა. იანვრიდან ვითხოვდი. უკვე ჩამოდიოდა საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფი და  იძულებული გავხდი, მეთხოვა ჩემი უფროსი კოლეგისთვის და საბოლოოდ მან შეიტანა თავის სახელზე სანებართვო დოკუმენტაცია. სკანდალი იქნებოდა, თუ ჩამოვიდოდა ამდენი მეცნიერი  და არ იქნებოდა ნებართვა.

ამ შეთანხმების საფუძველზე, მე სამეცნიერო ხელმძღვანელი გავხდი, ხოლო ექსპედიციის ხელმძღვანელი – ჩემი კოლეგა, ვისზეც გაიცა ნებართვა.

სწორედ 2022 წელი იყო ბრწყინვალე წელიწადი ჩვენთვის – აღმოვაჩინეთ ადამიანის კბილი. ამავე წელს, ივნისში, გაგვათავისუფლეს მუზეუმიდან 30 თანამშრომელი.

ძეგლის კვლევის ისტორია კი ასეთია – ეს ძეგლი 2019 წელს აღმოვაჩინეთ; 2020 წელს იყო პანდემია; 2021 წელს პირველი გათხრები ჩავატარეთ; ამავე დროს მოვიგე რუსთაველის ფონდის საერთაშორისო გრანტი, რომელიც ნაწილობრივ აფინანსებდა კვლევას; 2022 წელს ნებართვა აღარ გაცემულა ჩემზე, სხვა კოლეგამ მიიღო და ერთად ვიმუშავეთ; 2023 წელს მთელი წელი ვითხოვდით ნებართვას – არც პასუხი, არც ნებართვა არ მიგვიღია.“ – ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.

მისივე თქმით, სააგენტოს განცხადება, რომ თავად ჩაატარებენ ძეგლზე სამუშაოებს „ბლეფია“, რადგან, მისი ინფორმაციით, სააგენტოს მონდომების მიუხედავად, ძეგლზე არცერთი არქეოლოგი არ სთანხმდება სამუშაოების ჩატარებას, რადგან ეს „სამეცნიერო ეთიკის“ საკითხიც არის.

 „ეს არის ბლეფი. 2023 წელსაც ასე იძახდნენ, ჩვენ ჩავატარებთო. მათ არქეოლოგებს დაუგზავნეს წერილები, რომ, თურმე, ექსპედიციას ქმნიდნენ ქვემო ქართლში და სჭირდებოდეთ, ვინც ამას ჩაიბარებდა.

მე 2023 წლიდან ვიცოდი, რომ აიძულებდნენ სააგენტოს თანამშრომლები არქეოლოგებს კვლევის გადაბარებას. ვინც კი საქართველოში მოღვაწეობს, ყველა არქეოლოგს დაუგზავნეს წერილები.

არქეოლოგები ჩემთან მოვიდნენ და პირდაპირ ტექსტებით მომიყვნენ – იცინოდნენ, რომ სულ გაგიჟდნენო, ისეთ სისულელეებს აკეთებენო; გვირეკავენო, ვეუბნებით, რომ ნეოლითის სპეციალისტები ვართ და ნეოლითი და პალეოლითი იგივე არ არისო, მაინც ქვა არისო, მიდი და გათხარეთო.

მე მინდა, გულწრფელად დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც თქვა ამაზე უარი და ყველამ თქვა უარი. ეს იყო ძალიან დიდი სოლიდარობა, რომელსაც ვაფასებ.

მათ თქვეს, რომ ეს ძეგლი აღმოაჩინა ადამიანმა, რომელიც აქტიური მეცნიერია. ყველაზე დიდი ინფორმაცია ამ ძეგლზე აქვს მას,  ჩვენ კი არც საკმარისი ცოდნა გვაქვს ამ ძეგლზე და არც მორალური უფლება, რომ მივიდეთ სხვის შესწავლილ ძეგლზე დავიწყოთ გათხრები; იმ ძეგლზე, რომელზეც ინფორმაცია არ გაგვაჩნია და ვმუშაობთ სხვა პერიოდებზე, ეს იყო სოლიდარობა, რომელმაც მომცა სტიმული, რომ გავაგრძელო ბრძოლა და დამარწმუნა კიდევ ერთხელ, რომ მართალ მხარეს ვდგავარ.

როდესაც ადამიანს აქვს კვლევა, მისი თანხმობის გარეშე მის კვლევას ვერ დაეპატრონები, ან მე  არ უნდა ვიყო ცოცხალი, ან თავად უნდა ვთქვა, რომ სხვა პროფესიაში მივდივარ.

ეს სამეცნიერო ეთიკის ნაწილია და ამაზე არსებობს გარკვეული შეთანხმებები. ფილმი რომ გადაიღოს ერთმა ადამიანმა და მეორე დღეს სხვისი სახელი ჩაწერონ, დაახლოებით იგივეა. ამას ვინ იზამს.“ – ამბობს ბიძინაშვილი.

გიორგი ბიძინაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია პალეოანთროპოლოგიაში, აქვს ფრანგული დიპლომი, რომელიც უფლებას აძლევს, პალეოანთროპოლოგიასა და ქვის ხანაში იმუშაოს და აქვს 22-წლიანი გამოცდილება მუშაობის; არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა და წიგნის ავტორი.

მისი თქმით, ოროზმანის ექსპედიციაში მონაწილეობა უნდა მიეღო არაერთი ქვეყნის მეცნიერს. 2023 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა შესთავაზა ოქსფორდი-ოროზმანის საველე სკოლის მოწყობა, რადგან 2022 წელს ვის კვადრატშიც ამოვიდა ადამიანის კბილი, ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ექსპედიციაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ჰელსინკისა და აშშ-ში ინდიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და ასევე მეცნიერებს ყაზახეთიდან – ნაზარბაევის უნივერსიტეტიდან.

„დიდ მულტიდისციპლინურ გუნდს უნდა ემუშავა ოროზმანზე და ახლა თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ ინფორმაციას, რომელიც აღარ იქნება. ოროზმონი არ არის მხოლოდ ქართველების ძეგლი –  საქართველოშია, მაგრამ ეკუთვნის მთელ მსოფლიოს, კაცობრიობის საგანძურია. წარმოიდგინეთ, გვაქვს ხელის გულზე, იმის ნაცვლად, რომ ხელი არ შევუშალოთ მეცნიერებს, კაცობრიობის საგანძურს ანადგურებენ.“ – ამბობს ბიძინაშვილი.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სასამართლო ნებართვის მიღებაზე მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ყველაზე გვიან, 2025 წელს შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას, თუმცა შიშობს, რომ მანამდე ბევრი რამ განადგურდება ძეგლზე.