საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა აღმოაჩინა.
როგორც ეროვნულ მუზეუმში ამბობენ, ლევან მეფეს, მისი დიდი ღვაწლის გამო, შთამომავლობამ „დიდის“ და „აღმშენებლის“ ზედწოდებანიც კი მიანიჭა: „მან 54 წელი იმეფა (1518-1574 წწ) ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ კახეთის სამეფოში და მისი გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით, ქვეყანამ არნახულ სტაბილურობასა და ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია“.
„მართალია ისტორიული წყაროების და გადმოცემების მიხედვით, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც, ეს დიდი მოღვაწე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, ვინაიდან საფლავის ქვა ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
ეროვნული მუზეუმის განცხადებით, მიმდინარე არქეოლოგიური კვლევისას ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებული პლატფორმის ქვეშ, კედელზე გამოსახული ტაძრის გვირგვინოსანი ქტიტორის – ლევან მეფის ფერწერული გამოსახულების წინ აღმოჩნდა აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა, რომლშიც ორსაფეხურიანი დრომოსით ჩადიოდნენ.
ეროვნული მუზეუმის თქმით, აკლდამაში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.
„გამოვლენილი ნეშტის პირველადი ანთროპოლოგიური შეფასება არ ეწინააღმდეგება საფუძვლიან მოსაზრებას, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ნეშტი სავარაუდოდ ლევან მეფეს ეკუთვნოდა. საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტებისა და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზებულ ლაბორატორიებში“, – ნათქვამია განცხადებაში.