„არქიმ“ 556 ბინა გაყიდა პროექტებში, რომელთა მშენებლობის ნებართვაც ჯერ არ მიუღია

ბასტი მგალობლიშვილი

„სამშენებლო ნებართვის აღებამდე ორი ან სამი თვით ადრე გაყიდვების დაწყება დეველოპმენტში მიღებული პრაქტიკაა“, – ასე გვიპასუხეს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ივლიანე წულაიას სამშენებლო კომპანია „არქიში“ შეკითხვაზე, რატომ დაიწყეს ბინების გაყიდვა „გრანდ ავენიუს“ პროექტში იქამდე, ვიდრე მშენებლობის ნებართვას მიიღებდნენ.

„არქიმ“ პროექტ „გრანდ ავენიუში“ ბინების გაყიდვა 20 სექტემბერს დაიწყო, თუმცა კომპანიას ამ დრომდე არ აქვს თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა. კომპანიამ პროექტების შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად არქიტექტურის სამსახურს ოქტომბერში მიმართა. 

კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, ამ დროისთვის „გრანდ ავენიუს“ მხოლოდ ორ კორპუსში – A და B ბლოკებში იყიდება ბინები და ჯამში 556 ბინა უკვე გაყიდულია. 

ფოტო „არქის“ ვებსაიტიდან

როგორც „არქიში“ გვიპასუხეს, სამშენებლო პროცესის დაწყებას იანვრიდან აპირებენ.

„გრანდ ავენიუ“ სადგურის მოედნის მიმდებარედ, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს. პროექტის აშენება „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით არის დაგეგმილი. ფართის საერთო ტერიტორია 20 ჰექტარს აღემატება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელი მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა.

„გრანდ ავენიუს განაშენიანების რეგულირების გეგმა 3 წლის წინ დამტკიცდა, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვის აღების პროცედურები, რომლებიც დასკვნით ეტაპზეა და მომდევნო კვირებში დასრულდება, რის შემდეგაც დავიწყებთ მშენებლობას.

სამშენებლო ნებართვის აღებამდე ორი ან სამი თვით ადრე გაყიდვების დაწყება დეველოპმენტში მიღებული პრაქტიკაა, მით უმეტეს მაშინ, როცა განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცებულია. გრანდ ავენიუს მომხმარებელი ბინის შეძენის მომენტიდან სრულად ინფორმირებულია, რომ სამშენებლო პროცესი 2026 წლის იანვრიდან დაიწყება“, – გვიპასუხეს „არქიში“.

ტერიტორიის მფლობელი და პროექტის დამკვეთი შპს „დადიანი ინვესტია“. ეს ტერიტორია „დადიანი ინვესტმა“ აპრილში შეიძინა „ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებული კომპანიისგან, რომელიც ცათამბჯენების აშენებას გეგმავდა. „დადიანი ინვესტის“ 27%-იან წილს ფლობს „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და „არქის“ დამფუძნებელი ივლიანე წულაია. ამავე კომპანიის 7%-იან წილს ფლობს კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას დედის, მარინა კოდუას კომპანია „ზფ კაპიტალი“. 1%-იანი წილი კი წულაიასგან ერთ ლარად შეიძინა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა. „არქის“ ცნობით, ფეხბურთელი ფინანსურ ინვესტიციას თავისი წილის პროპორციულად განახორციელებს.

ყოფილი ვაგონშემკეთებლის ტერიტორიაზე 2023 წელს თბილისის საკრებულომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. ამ პროექტთან ერთად საკრებულოში ხმაურის ფონზე განიხილავდნენ „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტების საკითხს. ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე არსებული შენობების დემონტაჟი 2021 წელს განხორციელდა, თუმცა დემონტაჟის ნებართვა არქიტექტურის სამსახურის პორტალზე არ იძებნება.