არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

პუბლიკა

საპატრიარქო ავრცელებს პატრიარქ ილია II-ს ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს „საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“.

„ბრძანება N 105

სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი

(15.12.2025)

თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება.

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ბრძანებაში.

14 დეკემბერს დოროთე ყურაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 16 დეკემბერს დაბარებულია საეპარქიო კომისიაზე.

როგორც მან განმარტა, მას ეპისკოპოსების და კომისიის წევრების შეურაცხყობას სდებენ ბრალად.

„ჩვენი ხელისუფლებისგან არის გაცემული ბრძანება ჩემი განეიტრალების, რასაც საპატრიარქოს ჯგუფი აპირებს, რა თქმა უნდა, და დაბარებული ვარ ისევ სამშაბათს, 14:00 საათზე მათ მიერ“, – თქვა დოროთე ყურაშვილმა.

იქამდე, 29 ოქტომბერს საპატრიარქომ გაავრცელა პატრიარქის ხელმოწერილი ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის მოთხოვნა და არქიმანდრიტი დოროთე გაათავისუფლეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გაამწესეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში.

კომისია არქიმანდრიტი დოროთეს მიერ მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები განიხილა.