არქიმანდრიტი იოვანე: ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში

პუბლიკა

არქიმანდრიტრიტ იოვანე მჭედლიშვილის თქმით, „მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა, შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები.“

„ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა, საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, კანონიკური წესების დაცვით, შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლიათ მსურველთ“, – წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილი იყო ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის არქიმანდრიტრიტ იოვანეს თქმით, ხატი უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და ის, ტაძარს პრორუსულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა.

ფაქტს პროტესტი მოჰყვა საზოგადოების გარკვეულ წრეებში. შეიქმნა პეტიციაც, სადაც წერდნენ, რომ დაუშვებელია სამების ტაძარში საბჭოთა დიქტატორის გამოსახულების გამოფენა. პეტიციაზე ხელმომწერები ტაძრიდან ხატის გატანას მოითხოვნენ.

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანდა, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს, ლურჯი საღებავი შეასხეს.

მომხდარზე შსს-მ სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. მმართველმა პარტიამ კი, რელიგიური ნივთებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება დააანონსა.

სამების ტაძარში მომხდარის გამო, აქტივისტს ნატა ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს “ ძალადობრივი ჯგუფის წევრები მივიდნენ და ნატა ფერაძის დასჯა მოითხოვეს. აღნიშნულ ფაქტზე ნატა ფერაძემ შსს-ს მიმართა.

11 იანვარს საპატრიარქომ შემომწირველს ხატზე კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა.

საპატრიარქოს განცხადებით მიხედვით, ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში და ამიტომ, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკოსთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.