საგანგებო სიატუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, პეკინის გამზირზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს.
როგორც ცნობილია, შენობიდან გადმოვარდა ქალი. მისი მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანილია კლინიკაში. „პუბლიკა“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს.
სამსახურის ცნობით, დღეს, დილით „112 -ში“ შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
მისამართზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა და იქიდან გავრცელდა ხანძარი ზედა სართულებზე.
მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინებიდან მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე სახანძო კიბის საშუალებით.
„პარალელურად, მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და საშიშროების აღკვეთა. საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი, ამ დროისთვის, უკვე ლიკვიდირებულია“, – ამბობენ საგანგებოში.
ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა.