ქალაქის მერმა აფრიკის დასახლებაში საცხოვრებლების დემონტაჟზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ინსპექტირების სამსახურმა 12 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა და დემონტაჟამდე არაერთხელ გააფრთხილეს მოქალაქეები, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
კალაძის თქმით, თითოეული შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული, იყო მშენებარე და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები.
მისივე თქმით, მერიას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან. მის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ.
„თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა.“ – განაცხადა კალაძემ.
„ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ბევრია ისეთი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება, მაგრამ ეს ადამიანები პატივს სცემენ კანონს, შეზღუდვებს, რეგულაციებს. ყველაფერ იმას, რაზეც დგას სახელმწიფო.
კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება ვერ და არ იქნება.
ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომლებსაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში სახელმწიფო მიწებზე. ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება. ეს თითოეული თქვენგანის ქონებაა.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა.“ – განაცხადა კალაძემ მერიაში საგანგებო ბრიფინგზე.
სანაძის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.
„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.
მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.