„შემაშფოთებელი იყო გუშინ განხორციელებული კიბერშეტევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე კიბერთავდასხმა მოხდა“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ გაირკვეს, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.
„სხვა განცხადების გაკეთებამდე დაველოდები, ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო ნათელი არ გახდება. ეს კიბერთავდასხმა გვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომ არსებობს რისკები მსგავსი თავდასხმების განმეორების. მნიშვნელოვანია ფხიზლად ვიყოთ“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1 სექტემბერს უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა მოხდა ლუგარის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზებზე.
შსს აცხადებს, რომ უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.