„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის, პროფესორ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, NATO-ში საქართველოს საკითხი არ განიხილება და არსებობს რისკი, რომ ქვეყანა ორგანიზაციის რადარებიდან გაქრეს.
კორნელი კაკაჩია „პუბლიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საკითხი NATO-ს დღის წესრიგში უფრო და უფრო ნაკლებადაა ხსენებული.
„ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, თანდათანობით NATO-ს დღის წესრიგში საქართველო უფრო ქვემოთ და ქვემოთ იწევს და უფრო ნაკლებად არის ხსენებული. ამისი კარგი მაგალითი იყო შარშან ვილნიუსის სამიტი, სადაც საქართველო იყო წარმოდგენილი არა როგორც კანდიდატი სახელმწიფო, არამედ როგორც პარტნიორი სახელმწიფო, როგორიც არის ახალი ზელანდია და სხვები. ასევე წარმომადგენლობა იყო ძალიან ცოტა, ზოგადად საქართველოსთან დაკავშირებით არავინ საუბრობდა და ეს ახალი არ არის.
ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, გარკვეულწილად ინერცია მძლავრობს, კონსტიტუციაში ჯერაც ფორმულად კი გვიწერია, რომ ქვეყანას უნდა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრება, თუმცა, რეალურად, თუ გადავხედავთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნებს, ის თანდათანობით მულტივექტორული პოლიტიკისკენ იხრება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩინეთთან, განსაკუთრებულ ურთიერთობებს სხვა მეზობლებთან, ირანთან და სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან.
პლუს ამას ემატება ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც ქვეყანას მიადგა ბოლო წლებში მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობაში, უკრაინასთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები და იმ ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც ხშირად გაისმოდა ქართველი ოფიციალური პირებისგან.
ბუნებრივია, რომ ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა არც ჩვენი პარტნიორებისთვის, არც NATO-სთვის. ფორმალურად, ვთქვათ, საბაბი არ არის, რომ საქართველო არ მიიწვიონ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი საკითხი იქ არც განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც არ მიაჩნია, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში მიმდინარეობს ომი და ვინაიდან ქვეყანას არ აქვს, ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტიები, ხელისუფლება გარკვეულწილად ფრთხილობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ რადარებიდან გავქრეთ, რის რისკიც, სამწუხაროდ, არსებობს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.
NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები – მოწოდებაში რუსეთის მიმართ, გაიყვანოს ძალები საქართველოდან და მოლდოვიდან.
დეკლარაციის უმეტესი ნაწილი უკრაინას ეთმობა.
დეკლარაციის თანახმად, NATO-ს წევრი და სამიტში მონაწილე ქვეყნები მზად არიან, მხარი დაუჭირონ მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს და გააძლიერონ მათი შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.
ამ კონტექსტში დეკლარაციაში საქართველო ნახსენები არ არის.
ასევე, 2024 წლის NATO-ს დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.