ამჟამად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულზე, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.
ამიტომ, გავრცელებულ განცხადებაში, შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციის თანხა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.
უწყების ცნობით, აღნიშნული სააგენტო კომპენსაციის გაცემის პროცედურას მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში დაიწყებს.
პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან (04.05.2020 წელი) 6 თვის განმავლობაში.