„არტ-ვილა გარიყულა“ ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულია

პუბლიკა

2024 წლის თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო ბიენალეზე, გამოფენისთვის, რომლის სახელწოდებაა „უცხოელები ყველგან არიან“, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა ა(ა)იპ შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდ/თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას“ (ხელმძღვანელი ანა ჯორჯიაშვილი) მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „დანახვის ხელოვნება – ასტრონომიის მდგომარეობები“. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო აქვეყნებს.

შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელი, სამხატვრო აკადემიის რექტორი, ყარამან ქუთათელაძეა. გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელი, ანა ჯორჯიაშვილი კი, გამგეობის თავმჯდომარეა.

სამინისტროს ცნობით, კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროში რეგისტრირებული იყო ხუთი საპროექტო განაცხადი, რომელთაგან ორი პროექტი საკონკურსო კომისიამ არ განიხილა არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამო და შეაფასა მხოლოდ სამი განაცხადი:

  1. ა(ა)იპ შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის პროექტი „დანახვის ხელოვნება – ასტრონომიის მდგომარეობები“;
  2. ფ/პ რუსუდან გამყრელიძის პროექტი Medea the Emigrant;
  3. ა(ა)იპ „ჯორჯიან ინფუჟიონის“ პროექტი „დაბადების ადგილი“.