არტემ გრიბულმა და ანტონ ჩეჩინმა მშრალი შიმშილობა დაიწყეს

პუბლიკა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა არტემ გრიბულმა და ანტონ ჩეჩინმა საპატიმროში მშრალი შიმშილობა დაიწყეს. ანტონ ჩეჩინის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ადასტურებს.

არტემ გრიბული ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს მისი საქმის შესახებ, ასევე სასამართლოში მედიის მუშაობის შეზღუდვაზე და მასთან ერთად დაკავებული ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

როგორც წერილიდან ირკვევა, მას 3 მოთხოვნა აქვს და იქამდე იქნება მშრალ შიმშილობაზე, სანამ სამივე მოთხოვნა არ შესრულდება.

„პუბლიკა” გთავაზობთ არტემ გრიბულის წერილს:

„შვიდი თვის წინ მე და ანასტასია ზინკოვკინა დაგვიჭირეს და ჩაგვიდეს ნარკოტიკი. მათ არ დაუმალავთ რატომ აკეთებდნენ ამას – პროტესტში მონაწილეობის გამო, საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის გამო. მათ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ხალხის და მთელი ძალებით ცდილობს შეაშინოს თავისი ხალხიც და ისინიც, ვინც მათ ეხმარება.

საქართველოში ახლა ძალიან ბევრი გულმხურვალე ადამიანის საქმე განიხილება. ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ჩვენს საქმეებს ბოლო წვრილამანამდე – ასეთია ანტონ ჩეჩინის, გიორგი ახობაძის, ნიკა კაციას, თედო აბრამოვის საქმეები.

ჩემი საქმე არ წარმართულა ობიექტურად და სრულფასოვნად. დაცვის მხარეს არ აძლევდნენ გამოძიების ჩატარების უფლებას. ჩვენ არ მოგვცეს უფლება მოგვეპოვებინა მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გვამართლებდნენ ჩვენ და ამტკიცებდნენ, რომ ნამდვილი დამნაშავეები პოლიციელები არიან.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა მაღაზია „ორი ნაბიჯიდან“ ვიდეოს ამოღებისა და სათვალთვალო კამერის დაკვირვების საქმეში ჩართვის შესახებ. ვიდეო ასახავს მთელი ჩვენი დაკავების პროცესს და ნარკოტიკის ჩადების მომენტს. ამ ჩანაწერს შეეძლო გაებათილებინა თითქმის ყველა მოწმის ჩვენება. გასაგებია, რატომაც ეშინიათ მათ ამ ვიდეოსი.

პოლიციელთა და გადამყვანთა დაკითხვის ოქმებში არ არის მითითებული მობილური ტელეფონების ნომრები, რომლითაც დაცვა დეტალურად ამოიღებდა ზარებს და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია სრულად გააბათილებდა ჩვენი დაკავების დროს, რომელიც მითითებულია ოქმებში და დაადასტურებდა, რომ სასამართლოს ყველა მოწმე ტყუოდა.

ირაკლი მუხათგვერდელმა სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მან, ხელთათმანების გარეშე გამჩხრიკა და ნარკოტიკის შეკვრა ამოიღო. სინამდვილეში კი მან გაჩხრიკა ანასტასია, მე კი მჩხრეკდა ჯემალ მირაზანაშვილი, რომელმაც სასამართლოზე ისიც კი განაცხადა, რომ ის დაკავების ადგილას საერთოდ არ ყოფილა.

მე მოვითხოვე ირაკლი მუხათგვერდელისთვის დნმ-ექსპერტიზის დანიშვნა, რათა დადასტურდეს, რომ ის არ შეხებია ამ კონტეინერებს. სასამართლომ ამაზე უარი თქვა.

„ქართული ოცნების” მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომებზე არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს — ფოტორეპორტიორებს, ვიდეოოპერატორებს და ჟურნალისტებს. ჩვენი სხდომები არ შუქდება, ჩვენს მშობლებსა და ახლობლებს მხოლოდ მედიის საშუალებით შეეძლოთ ჩვენი ხილვა, ახლა კი ეს შესაძლებლობაც აღარ აქვთ.

ანასტასიას დაკავებამდე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა — კერძოდ, ხერხემლის პრობლემები. ეს პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა ციხეში ყოფნის საშინელი პირობების გამო. თუ შეამჩნიეთ, ანასტასიას არც კი შეუძლია ჯდომა სასამართლო სხდომებზე. მას ძლიერ ტკივა ზურგი. ციხის ადმინისტრაცია არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს. მაგალითად, ანასტასიას არ მისცეს ორთოპედიული მატრასი, ამიტომ ყოველ ღამით სძინავს უმატრასო საწოლზე — ასე ნაკლებად სტკივა. ყველაფერთან ერთად ანასტასიას ციხეში გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება.

კამერაში არ არის ნორმალური განათება. ამის გამო ანასტასიას, რომელიც ბევრს წერს და კითხულობს, მხედველობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. მას არ აქვს ნორმალური კვება და ძალიან დაიკლო წონაში. არ არსებობს საკვების მომზადების საშუალება — ელექტროქურა, რომელიც ციხეში უნდა იყიდებოდეს, აქ კი არ არის. მისგან ვიცი, რომ მისი კამერა პატარაა, რომელშიც შეუძლებელია გავარჯიშება და სიარული. სიგრძეში სულ 5-6 ნაბიჯია.

ვითხოვ:

1. მიეცეს მედიას ყველა პროცესზე დასწრების საშუალება;
2. რათა პროკურატურამ შეძლოს თავისი თანამშრომლების წინააღმდეგ საქმის აღძვრა;
3. გადაწყდეს ანასტასიას ციხეში ცხოვრების პირობებთან დაკავშირებული პრობლემები და შეძლოს მან ნორმალურად კვება, გადაწყდეს მისი ჯანმრთელობის პრობლემები, და მიეცეს მას თბილი, ნათელი, დიდი კამერა.

სანამ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, მე ვაცხადებ მშრალ შიმშილობას საკვებისა და წყლის გარეშე. ასევე მოვუწოდებ ყველა სინდისის პატიმარს, შეუერთდეს შიმშილობას.

ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!”.


არტემ გრიბული, ანასტასია ზინოვკინა და ანტონ ჩეჩინი ნარკოდანაშაულის ბრალდებით არიან დაკავებულები. ისინი ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკი ჩაუდეს აქციებში მონაწილეობის გამო. წარდგენილი ბრალის მიხედვით, სამივე მათგანს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.