არტისტებმა ანდრო დადიანმა და შოთიკო აფციაურმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენიდან „ავტოპორტრეტი სარკესთან“ თავიანთი ნამუშევრები გამოითხოვონ.
ეს გადაწყვეტილება არტისტებმა სანდრო სულაბერიძის მიერ გალერეაში დატოვებული წარწერის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება.
„ეროვნულ გალერეაში ახლა მიმდინარე გამოფენაზე ჩემი ავტოპორტრეტიცაა გამოფენილი, ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებული ამბავი სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი ცხოვრების კონცეფციის გაგრძელება-არგაგრძელებას და ვირჩევ სიცოცხლის, ხელოვნების, ცოტნე დადიანის ენას, – სანდროს გვერდით დგომას და მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან ამჟამინდელი კულტურის პოლიტიკის პროტესტისა და სანდროს სოლიდარობის ნიშნად.
ეს დღეები ტრიალებდა აზრი, რომ მთლიანად გამოფენა მოიხსნებოდა და მეც ამ დრომდე ველოდი განცხადებას ამის თაობაზე, მინდოდა ჯგუფურ გამოფენაში ჯგუფის, გუნდის პრინციპით ვყოფილიყავი და ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება გამოფენის დასრულებაზე.
ყველა ადამიანის ინდივიდუალური ტემპი აქვს ფიქრის და მინდოდა კურატორისთვის გამომეცხადებია ჩემი დიდი სიყვარული და თანადგომა საფიქრად მიცემული დროით და ჩემი სიჩუმით. კალენდარსაც თავისი ტემპი აქვს და შეგვიწყო ხელი იმან, რომ დაემთხვა შაბათ-კვირა და ორშაბათი (რომელიც გალერეებისთვის არასამუშაო დღეა), ეს დრო საკმარისია ალბათ გადაწყვეტილების მისაღაბად, ჩემთვის კი საკმარისი ნერვიული საათები.
სულიერი გადარჩენის მიზნით, ინდივიდუალურად ვაკეთებ განცხადებას, რომ კურატორის საქმის კურსში ჩაყენებით და კანონიერი გზით მომაქვს ჩემი ავტოპორტრეტი გალერეიდან, – განცხადებით, იურიდიულად, ყოველგვარი ხმაურის, პერფორმანსის და ტელევიზიების გარეშე“, – წერს ანდრო დადიანი.
დღესვე განაცხადა შოთიკო აფციაურმაც, რომ სურს მომდევნო 24 საათის განმავლობაში გამოფენაზე გატანილი ნამუშევარი მას დაუბრუნდეს.
„ეს ნამუშევარი ჩემი შემოქმედებითი საკუთრებაა, გამოფენამდე არ მომიწერია ხელი არც ერთი იურიდიული დოკუმენტისთვის, არ ამიღია ჰონორარი და ჩემი თანამონაწილეობა სრულიად ჩემი კეთილგანწყობის საფუძველზე მოხდა.
ამ პოსტს საჯაროდ ვწერ რადგან ვთვლი საკმაოდ საზრიანი ვადაა 24 საათი მიღება ჩაბარების აქტის, და სხვა დოკუმენტების მოსაგვარებლად. ასევე საჯაროდ ვაფიქსირებ რომ ამ ვადაზე დიდხანს ჩემი ნამუშევრის იქ ყოფნა ჩემთვის მიუღებელია. ასევე ამ პოსტით საჯაროდ ვაფიქსირებ სურვილს ამ განაცხადიდან, ნამუშევრის დაბრუნებასთან დაკავშირებით 24 საათის ვადაში რისი სრული კანონიერი უფლებაც გამაჩნია“, – წერს აფციაური.
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც 4 თებერვალს ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.
სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.
გალერეის დირექტორი მაცაცო გაბუნია მომხდარს „ინფანტილურ მავნებლობად“ აფასებს.
„აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს.
ასე, რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა“,- წერს გაბუნია.
გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“, მონაწილეთა ნაწილმა კი განცხადება გაავრცელა.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.