არტისტის მიერ კედელზე წარწერის გაკეთების გამო გამოფენის კურატორი გამოიკითხა

პუბლიკა

ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე აცხადებს, რომ თბილისის ეროვნული გალერეის კედელზე არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოიკითხა.

ქეთი შავგულიძე გამოფენის კურატორი იყო.

მან „TV პირველს“ განუცხადა, რომ გამომძიებლები გამოფენის მზადების პროცესითა და არტისტსა და მას შორის ურთიერთობით დაინტერესდნენ.

„პირველ რიგში კითხვა ჰქონდათ როგორ მოხდა ჩვენი კომუნიკაცია, საიდან ვიცნობთ მე და სანდრო ერთმანეთს, როგორ მოვემზადეთ გამოფენისთვის.

რადგან კურატორი ვარ, არტისტთა სიაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ჩემი შედგენილი იყო და სანდროც ჩემი გადაწყვეტილებით იყო სიაში.

მკითხეს, სავარაუდო მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. სანდრომ მითხრა, რომ ამ გამოფენას, კონკრეტულს ეს არ უკავშირდებოდა.

ძალიან სერიოზული იქნება, თუ სანდრო პერფორმერი გახდა, იმიტომ რომ ცოტა გვყავს პერფორმერები.

მაგრამ როგორც აქცია, ეს თუ ცალკეა, მაშინ ინსტიტუციური კრიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ და აქაც გვჭირდება ავტორის განმარტება, ძალიან ველოდები. მე ვფიქრობ, ეს არის აქცია და არა პერფომანსი, თუმცა შეიძლება ეს იყო „happening“, – განუცხადა მან მედიას.

„პუბლიკა“ შსს-სგან ელოდება პასუხს, რის ფარგლებში გამოიკითხა შავგულიძე უწყებაში.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის განცხადებით, „მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია“.

„4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კულტურის ცენტრ „ათინათის“ გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გაიხსნა (კურატორი ქეთევან შავგულიძე). გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი. ამ დროისთვის, „ათინათის” მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც გუშინ ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.