ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ დღის ბოლოს თავის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა შეაჯამა.
მისი განცხადებით, ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რადგან პაციენტებში პნევმონიის მეტმა შემთხვევამ იჩინა თავი.
„ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა და სიმძიმე პნევმონიის უფრო მეტია, თუმცა თავიდანაც იყო პნევმონიის საშუალო ფორმის შემთხვევები. ახლა 2/3-ს აქვს ფილტვების ანთება“, – აცხადებს ენდელაძე.
მისი თქმით, კლინიკაში სხვადასხვა ასაკის პაციენტია მოთავსებული, განსაკუთრებით გაიზარდა 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა.
„თავიდან უფრო ახალგაზრდებში იყო, ახლა ცოტა მოიმატა. ამდენად, სიმძიმემაც შედარებით მოიმატა“, – აღნიშნავს ის.
მისივე განცხადებით, კრიტიკულია 86 წლის ქალის მდგომარეობა. ასევე, მძიმედ არიან 60 წელს გადაცილებული პაციენტებიც, თუმცა ენდელაძე ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის იმის ნიშანი, რომ კორონავირუსი მწვავე ფორმით მხოლოდ ასაკოვნებს ემართებათ, მისი თქმით, ვირუსი შეიძლება გაუმწვავდეს ახალგაზრდასაც.
ჟურნალისტებმა ენდელაძეს ჰკითხეს, რატომ გახშირდა კორონავირუსის თანხმლებად პნევმონიის შემთხვევები და ახალი პაციენტების მდგომარეობა უფრო მძიმე რატომ არის, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ პნევმონია ბევრ პაციენტს ჰქონდა, თუმცა მათი კლინიკური სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არ იყო. „ახლა, თანდათან, შეიძლება, ასაკობრივმა, შეიძლება, გამოვლენის ხანგრძლივობამ განაპირობა“, – განაცხადა მან.
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს, მათ 2/3-ს აქვს პნევმონია, 6 არის მძიმე, ხოლო ერთი – კრიტიკული.
STOPCOV.GE-ს მონაცემებით, საქართველოში სულ დაინფიცირდა 188 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 39, ხოლო გარდაიცვალა 2 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინში მოთავსებულია 5056, ჰოსპიტალებში კი 386 ადამიანი.