ასე ინება განგებამ, სააკაშვილის სიცოცხლე და ჩვენი ევროპული მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული - მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მსოფლიოს თვალწინ „წამებით კლავს პრეზიდენტ სააკაშვილს, რითაც ძირს უთხრის დასავლურ ღირებულებებს“.

ნიკა მელია მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, გადადგან აქტიური ნაბიჯები ხელისუფებასთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კომუნიკაციით, რათა საქართველოს ევროპული მისწრაფება რეალობად იქცეს.

„მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს, მათი მხრიდან გადაიდგას ძალიან აქტიური ნაბიჯები მთავრობასთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კომუნიკაციით, რომ ჩვენი ერის ევროპული და დასავლური მისწრაფება არ დარჩეს მისწრაფებად და რეალობად იქცეს. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ეს ბოროტი, წინასწარ განზრახული ქმედებები და იდგმება ნაბიჯები,რომელიც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეს ნაბიჯები არ ანადგურებს მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ ამ ქვეყნის დასავლურ, კეთილ და ნათელ მომავალს ანადგურებს.

მინდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვო, ყველაფერი გააკეთონ მაქსიმალურად, რომ ქვეყანა არ ასცდეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ჩვენს გეზს. ასე ინება განგებამ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ჩვენი ევროპული, დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული“, – განაცხადა მელიამ.

ენმ-ის ლიდერის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ის იბრძვის სიცოცხლისთვის, არც მეტი და არც ნაკლები. ამიტომ, დრო იმისთვის, რომ ვუყუროთ როგორ კვდება მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით, არ გვაქვს და ვერ გვექნება“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ქვეყნის ღირსების დასაცავად არა მხოლოდ ენმ-ის მხარდამჭერები, არამედ ყველა უნდა დადგეს.