„ასე როგორ მწირავთ, რა ჩამიდეთ ჯიბეში-მეთქი" | რა მოყვა ახობაძემ პროცესზე

პუბლიკა

ამონარიდები გიორგი ახობაძის ჩვენებიდან:

„ველოდებოდი ანგარიშსწორებას, გამომდინარე ჩემი აქტივობებიდან… ველოდი, რომ ან ფიზიკური ანგარიშსწორებას იქნებოდა, ან დაჭერა”

„ხერხემლის ტრამვის შემდგომ მდგომარეობაში ვარ და განსაკუთრებით ამორალური იქნებოდა ასეთი ადამიანის ცემა”

„ვხუმრობდი კიდეც მეგობრებთან, რა დავაკელი, რომ არ მიჭერენ-მეთქი”

„იმავე საღამოს ნიკა კაცია მოიტაცეს და მასაც ნარკოტიკი ჩაუდეს… მაკა ჩიხლაძე კინაღამ შეეწირა მაგ დღეს, კინაღამ კისერი მოტეხეს. აი, ეგ დღე იყო”

გიორგი ახობაძე დღეს სასამართლოს წინაშე დაიკითხა. „ვფიცავ” – თქვა და იქვე „ცრუმოწმეების” მიერ დადებული ფიციც გაისხენა: „კარგი იქნებოდა, პოლიგრაფი რომ იყოს, შეიძლება ცრუ მოწმეების ჩვენებების დროს სასასმართლოს საშუალება ჰქონოდა, შეეფასებინა – ვინ ტყუილზე იფიცებდა და ვინ მართალზე”.

ადვოკატის პირველი შეკითხვის შემდეგ ახობაძე 7 დეკემბრის გახსენებას იწყებს:

„ვუვლიდი დედაჩემს, რომელიც მძიმე ავადმყოფი იყო, პალიატიური პაციენტი” – ახობაძე ამბობს, რომ დედის მოვლაში დამხმარე ცვლიდა ხოლმე, როდესაც სახლიდან გასვლა სჭირდებოდა. 

იმ დღეს, საღამოს საათებში აქციაზე წავიდა, მეგობრებთან ერთად გამზადებული მშრალი საკვები – სენდვიჩები და ჰოთდოგები უნდა დაერიგებინა. 

„ეს იყო აქციის მონაწილეებისათვის. მოღალატე რეჟიმთან წინააღმდეგობაში ვიყავით, ეს ხალხი რომ მაქსიმალურად მხარდაჭერით ყოფილიყო ჩემგან, რა საშუალებაც მქონდა, ჩემს ემიგრანტ მეგობრებთან ერთად, ვცდილობდი, რომ მაქსიმალური გამეკეთებინა”, – ამბობს ის. 

ახობაძე ამბობს, რომ გამომდინარე დედის ჯანმრთელობიდან, ცდილობდა, რომ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების კერას მოშორებოდა. 

„სამწუხაროდ, წინა ხაზზე, უშუალოდ შეტაკებისას, სადაც გვირტამდა პოლიცია, იმ ზოლში [ყოფნისგან] თავს ვიკავებდი,  გამომდინარე იქიდან, რომ დედა მყავდა მოსავლელი და მე თვითონ მოსავლელი რომ გავმხდარიყავი, დედას მოვლას უკვე ვეღარ შევძლებდი. ამიტომ, 10-20 მეტრით უკან ვიყავი-ხოლმე  – აქციის მონაწილეებს შორის და პოლიციაზე გასაწევი წინააღმდეგობის სხვადასხვა მეთოდზე ვფიქრობდი-ხოლმე – მაგალითად, როგორ არ მოვეწამლეთ, თვალები რომ არ დაგვწოდა და ნაკლები ინტოქსიკაცია მიგვეღო იმ შხამებისგან, რომელსაც გვესროდნენ და გვასხამდნენ”, – დასძენს ის.

მისი თქმით, ამ მეთოდებზე ვიდეოებსაც წერდა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ათავსებდა, რასაც ათეულობით ათასი ნახვა ჰქონდა.

7 დეკემბერს რუსთაველის თეატრის წინ საკვების დარიგების შემდეგ, ახობაძე ამბობს, რომ სახლში წასვლას ჩქარობდა, ვინაიდან, ქალი, რომელიც დედას მოვლაში ეხმარებოდა, მეორე დილით მორიგე იყო და შეთანხმებულები იყვნენ, რომ სადღაც ღამის ორ საათზე უნდა დავბრუნებულიყო სახლში და ის გაეშვა. 

იხსენებს, რომ საკვების დარიგების შემდეგ რუსთაველზე, აქციაზე არაერთი ნაცნობი ნახა,  ესაუბრა, წამოსვლის წინ, კი კვლავ შეეხმიანა მეგობარს, ლევან ბერიძეს და სახლში წაყვანა შესთავაზა, რადგან მანქანით იყო. 

ახობაძე ამბობს, რომ მანქანისკენ დაიძრნენ და გზაში ბჭობდნენ, რომელი- რომელს მიაცილებდა სახლში, საუბრობდნენ, რომ ქუჩაში გადაადგილება საშიში იყო, რომ ხალხს ქუჩაში უსაფრდებოდნენ, სცემდნენ, აკავებდნენ. ამაზე საუბარი მანქანაშიც გაგრძელდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ გმირთა მოედნის ესტაკადამდე არ იცოდა, რა მიმართულებით გააგრელებდნენ გზას – ჯერ გიორგი წავიდოდა სახლში თუ ჯერ მეგობარს დატოვებდა წერეთლის გამზირზე. 

ამ გარემოებას მნიშვნელობა აქვს იმის გამო, რომ პატაკში, რომელიც საქმეში ოფიციალურად რამდენიმე საათით ადრე არის შედგენილი, აღწერილია, რომ ახობაძე გადაადგილდება ლევან ბერიძესთან ერთად სანაპიროზე. ადვოკატების შეფასებით, ეს პატაკი რეალურად პოსტფაქტუმ შედგა.

„სახლში წასვლა  რომ დავაპირე, მიმოვიხედე – ვინმე ხომ არ დგას ნაცნობი, შევთავაზოთქო, ლევანი შემთხვევით მოხვდა ჩემი თვალთახედვის არეში. ერთად რომ უნდა წავსულიყავით მე და ლევანი, გადაწყდა მაგ დროს. 

მიმართულებას რაც შეეხება, საით წავიდოდით – დაახლოებით ალბათ 3 წამით ადრე გადაწყდა. გმირთა მოედანისკენ გადასასვლელი ესტაკადა რომაა, მიმართულება ისე მქონდა აღებული, რომ ორივე შემთხვევაში, რასაც გადავწყვეტდი ან წავსულიყავი სახლისკენ ან წავსულიყავი, ლევანი დამეტოვებინა…  რაღაც მომენტში ჩემ თავზე ავიღე და ზუსტად ბოლო მომენტში ესტაკადაზე სანამ გადავიდოდი მკვეთრად გადავუხვიე და გავუყევი სანაპიროს…. რეალურად პატაკში აღწერილია ეს 4 საათით ადრე… 4 საათით ადრე ღმერთმაც კი არ იცოდა, სად ვიქნებოდი მე მაგ დროს, ზუსტად 3 წამით ადრე გადაწყდა, რომ იმ ადგილზე გავივლიდი, სადაც პატრულმა გამაჩერა”, – ამბობს ახობაძე.

ახობაძე იხსენებს, რომ სანაპიროზე გადაადგილებისას უკვე პატრულის მანქანა აედევნა და სირენებითა და ფარებით ანიშნა, რომ მანქანა გაეჩერებინა. თამარ მეფის ხიდის ქვეშ როგორც კი გაიარა, დაახლოებით 15 მეტრში მანქანის გაჩერებაც შეძლო. პატრულ-ინსპექტორს მართვის მოწმობა აჩვენა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს:

„როგორც კი მანქანიდან გადმოვედი, შემოვტრიალდი და ერთი ნაბიჯი გავაკეთე თუ არა, დაახლოებით 6-7 პოლიციელი მორბის ჩემკენ, წინ მოუძღვის გიორგი გუგეშიძე, პირველი კონტაქტი, ვისთანაც მქონდა, როგორც ვერბალური, ასევე ფიზიკური, იყო გიორგი გუგეშიძე, სამმართველოს უფროსი…

…ხელებს მიგრეხენ ზურგს უკან და სახით პატრულის მანქანის კაპოტზე მათავსებენ, გაკოჭილი ვყავარ… უცებ, ჩემთვის მოულოდნელად უკანა ჯიბესთან ვგრძნობ შეხებას და ვხვდები, რომ [უკანა] ჯიბესთან არის შეხება და მოვიშორე ტანიდან და დავიწყე მომენტალურად პრეტენზიის დაფიქსირება, რომ ჯიბეში ხელი არ ჩამიყოთ, რაღაცის ჩადებას აპირებთ-მეთქი და ამ ლაპარაკში ვართ… და მყისიერადვე, წინა ჯიბეში ვგრძნობ, ხელის ჩაცურებას… ვიწყებ პრეტენზიების დაფიქსირებას, რომ რა ჩამიდეთ ჯიბეში, ხელი რატომ ჩამიყავით და ა.შ., რაზეც პასუხს არ მცემენ”, – ამბობს ახობაძე.

ახობაძე ამბობს, რომ მასთან მუდმივ რეჟიმში 6 პოლიციელი მაინც იყო. თუმცა მათგან სამი განსაკუთრებით კარგად ახსოვს – სახელ-გვარებით, აღნაგობით და მასთან დიალოგით, ესენი არიან: ალექსი კობერიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, გიორგი გურეშიძე.

„სამი ადამიანი დამამახსოვრდა კარგად და გზადაგზა მიხვდებით, რატომ დამამახსოვრდნენ ისინი, ძირითადი მოქმედი პირები ვინც იყვნენ”, – ამბობს ის. 

მისივე თქმით, გურეშიძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი მაღალჩინოსანი [რომლის სახელიც არ იცის], სატელეფონო კავშირზე იყვნენ „ვიღაცასთან” აღნიშნული სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. 

ახობაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ დაიწყო „ოფიციალური ჩხრეკა”. მანამდე კი გურეშიძესთან ამგვარი საუბარი ჰქონდა:

„მე ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას – ასე როგორ შეგიძლიათ ადამიანის გაწირვა, რა ჩამიდეთ ჯიბეში და ა.შ. ამ საუბარში ვარ გურეშიძესთან. მპასუხობს, რომ ქალაქი კაცი ხარ, რას პანიკიორობ. მეთქი რას ნიშნავს, ნუ ვპანიკიორობ?! ჯიბეში ჩამიდეთ რაღაც და მწირავთ და რას ნიშნავს ყველაფერი კარგად იქნება. არაფერიო, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაგიყვანთო და თუ არაფერი არ იქნება, გაგიშვებთო. რაღაც მომენტში მიამიტურად ვიფიქრე, რომ იქნებ მართლა რაღაც ეშლებათ-მეთქი, დავიხედე ჯიბეზე და არაფერი რომ არ ეშლებოდათ, დავრწმუნდი…

რაღაც მომენტში, როგორც ჩანს, მითითება გაიცა, რომ უნდა დაეწყოთ ეს ჩხრეკის ოპერაცია და დაიწყეს ჩხრეკა. თავისივე ჩადებული ეს რაღაც ნივთები ამოიღეს… ასე გაოცებულებმა – აი, აი რაღაც უდევსო”, – ამბობს ის. 

ახობაძე იხსენებს გრიგოლ კაშკაჭიშვილს და ამბობს, რომ მან დაკავების ადგილზევე ხელთათმანით პირის ღრუში – სანერწყვე ჯირკვლებთან, ენის ძირში თითები ღრმად გამოუსვა. 

„მას მერე, რაც დავალაგე ეს ფაზლი, მივხვდი, რომ ეს იყო ბიოლოგიური მასალის უკანონო მოპოვება, რომელიც შემდგომ დაიტანეს კიდევაც მათ მიერ ჩემს ჯიბეში მოთავსებულ ობიექტებზე”, – ამბობს ახობაძე.

რიგოლ კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით მან ასევე გაიხსენა: 

„სანამ ჩხრეკას დაიწყებდნენ, პრეტენზიებს ხომ ვაფიქსირებდი ჩადებასთან დაკავშირებით… თავს იბრიყვებდნენ, რომ ვინ რა ჩაგიდო და ასე შემდეგ და „თუ არ გაჩერდები, ახლა მოგადებო”-  ასე მითხრა კაჭკაჭიშვილმა და დასძინა კიდეც – „შენზე ფილმებს გაჩვენებო” – როგორც ჩანს, მითვალთვალებდა კიდეც დიდი ხანია”. 

გარდა პირის ღრუს შემოწმებისა, ახობაძე ამბობს, რომ უკვე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ყოფნის დროს, როდესაც ოთახში პოლიციელ ალექსი კობერიძესთან ერთად იმყოფებოდა, პოლიციელმა უთხრა, რომ უნდა გაეჩხრიკა, რა დროსაც ხელთათმანებით იღლებშიც გამოუსვა ხელი. 

„იღლიებში მიკეთებს ზეწოლით მოძრაობებს, რასაც კაჭკაჭიშვილი აკეთებდა სანაპიროზე, ოღონდ სანერწყვე ჯირკვლებზე. ვუთხარი, ვიცი, რასაც აკეთებ, ეგ ხელთათმანები, თუ შეიძლება დატოვე ოთახში და ერთად გადავაგდოთ-მეთქი. მე თვითონ გადავაგდებო. ამ გადაგდება-არ გადაგდების მომენტში ვართ, გადის ოთახიდან, მივყვები და კართან მეორე პოლიციელი შემოდის, რომელიც მაბრუნებს ოთახში და ალექსი კობერიძე ამ თავის ხელთათმანებთან ერთად ქრება თვალთახედვიდან. სადღაც 5 წუთში კვლავ ბრუნდება ოთახში”, – ამბობს ახობაძე.

ამის შემდეგ ახობაძემ გაიხსენა დაკავების ადგილიდან კრიმუნალური პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანის, იქიდან კი დიღმის იზოლატორში მოთავსების ამბები. 

ადვოკატმა დაკითხვის დასასრულს მას ასევე ჰკითხა, რას ფიქრობდა, რა იყო მიზეზი იმისა, რატომაც მას ნარკოტიკი ჩაუდეს:

„მოტივი ამ ყველაფრის იყო ჩემი აქტივობა სოციალურ ქსელებში და ფიზიკურად. მას მერე, რაც პოლიციელებმა ქუჩაში ადამიანების მტვრევა, მოტაცება და წამება დაიწყეს, რაღაც მომენტში ჩემთვის უბრალოდ შეუძლებელი გახდა სახლში გაჩერება. ვეღარ გავძელი იმ რისკების მიუხედავად, რაც მაკავებდა, დედასთან დაკავშირებით და ვიფიქრე, თუ ფიზიკურად არა, სხვა მხრივ მაინც დავეხმარები ადამიანებს – თავის დაცვაში და საკვების მიწოდებაში-მეთქი.  

ზუსტად  ქუჩაში გამოსვლიდან მეორე დღეს გააკეთეს ის, რასაც მანამდე ვიდეოებში ვწინასწარმეტყველებდი, ჩამიდეს ნარკოტიკი”, – ამბობს ახობაძე.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში „ტროლები და ბოტები” დისკრედიტაციის მიზნით უწერდნენ, რომ ის მაგალითად იყო ზემოქმედების ქვეშ და ა.შ. 

„ყველა ვიდეოს ქვეშ კონკრეტულად ამ ნივთიერების შესახებ მიდიოდა ლეგენდის შეთხზვა. მათ შორის, ნათია ბერიძეს [POSTV-ის ჟურნალისტი] უფრო სხვა ვერსია ჰქონდა ხოლმე მის გვერდზე – ის „მეტადონშიკს” მეძახდა. 

…მათ შორის, მუქარებიც იყო „ტიკ-ტოკზე“ – „სისხლში გაბანავებთ შენს სადარბაზოში“, „დაგმარხავთ  ისეთ ადგილზე, რომ ძაღლებიც ვერ გიპოვიან“ და ასე შემდეგ. მოძებნადია მესიჯებში ასეთი რაღაცები…

ეს ყველაფერი თვეების განმავლობაში ხდებოდა და ეს ჩემი ეჭვიც ამას ემყარებოდა, რომ, სავარაუდოდ, ნარკოტიკს ჩამიდებდნენ.

მოტივაცია მათი ის იყო, რომ მათ ძალადობას სხვადასხვა საშუალებით, ეფექტურობა დავაკარგვინე ჩემი რჩევებით და უწევდათ ორის ნაცვლად, 20-ის გასროლა, რომ ხალხი დაეშალათ. 

მაგის გარდა, კიდევ სხვა მშვიდობიანი და მაღალეფექტური მეთოდები მქონდა შემუშავებული, რომ თავი დაგვეცვა, მათ შორის იყო ქაფი, რომელიც მანქანაში მედო. როგორც მშვიდობიანი მოქალაქე ამ მხრივ ვცდილობდი თავის დაცვას”, – ამბობს ის.

მან გაისხენა დაკავების შემდეგ პოლიციელთა რეპლიკები მის მიმართ – „აქციაზე რომ დადიოდი, აბა რა გეგონა, რა გინდოდა იქ და ა.შ….”

დაცვის მხარის შეკითხვების შემდეგ ახობაძეს კითხვები პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმაც დაუსვა. ის თავდაპირველად დაინტერესდა წარსულში ახობაძის ნასამართლეობასა და ადმინისტრაციულ სახდელებზე. 

„2019  წლამდე ხდება ის, რაზეც მას ინტერესი აქვს [პროკურორს]. რაზეც არის პედალირება. რაც შეეხება ნარკოდანაშაულს – მარიხუანას მოხმარება არის 2 ეპიზოდი და ერთხელ MDMA 2013 წელს.

ბოლო ეპიზოდი იყო 2019-ში და მე პირველ პროცესზეც განვაცხადე, რომ იმ მომენტში ჩემი ცხოვრებაში იყო ეს პრობლემა. და მე ახლაც განვაცხადებ, რომ ამაყი ვარ, რომ ეს პრობლემა გადავლახე. 2019 წლის მერე არცერთი, არც ადმინისტრაციული, არც სისხლის სამართლის მუხლი ჩემს მიმართ, გამოძიება და ა.შ. არ ყოფილა… ამ წუთას ვარ ჯანმრთელი მაგ მიმართულებით. 

ამის შესახებ, მას შეეძლო სრულფასოვანი გამოძიება რომ ჩაეტარებინა, სამ სხვადასხვა სპორტულ დაწესებულებაში – ეს არის „ავერსი ფიტნესი”, რომელშიც მათ შორის რეაბილიტაციას გავდიოდი ჩემი კისრის პრობლემის გამო; ეს არის ასევე „ასპრია” და ეს არის „რეფორმა”, რომელშიც ბოლო წელიწად-წელიწადნახევრის განმავლობაში, ფიტპასის შესვლა-გამოსვლების რეგისტრაცია შეეძლო ენახა. კვირაში მინიმუმ სამჯერ და უფრო ხშირად ექვსჯერ ჩემი შესვლა და გამოსვლა, ვარჯიში ფიქსირდება 3-4 საათის მანძილზე.

მას ეს შეეძლო ენახა [პროკურორს]. ბოლო 2 წლის მანძილზე თვითონ კი ამბობენ, რომ სისტემატიურად მოვიხმარდი  ნარკოტიკს, თუმცა მე სისტემატურად მოვიხმარდი იმ ნარკოტიკს, რომელსაც ჰქვია შტანგა, ჯანსაღი კვება და ა.შ, მათ შორის აი, ღიპზეც მეტყობა- მას მერე, რაც ჯანსაღ კვებას ვეღარ ვახორციელებ და ვერ ვვარჯიშობ, წონაში მოვიმატე და ამ ყველაფრის დადასტურება და მოძიება ინფორმაციის შეეძლო პროკურორსაც და გამომძიებელსაც, რომ დაინტერესებულიყვნენ ობიექტურად”, – განაცხადა ახობაძემ.