ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულის გარდაცვალებაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბრალდებული ბ.თ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სსკ-ის 137- ე მუხლის საფუძველზე (გაუპატიურება) 2021 წლის 28 მაისს მოთავსდა. შემოსვლისას დადგენილი წესით ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა დიაგონიზი არტერიული ჰიპერტენზია. მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

2021 წლის 30 ვინისს დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა – T/A-200/120mmHg, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ.

კლინიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა. ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, ჰემოდინამიკური პარამეტრები არასტაბილური.

მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 2021 წლის 14 ივლისს დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.