პროკურატურის განცხადებით, ასელ აიტპაევას საქმეზე ყაზახეთის მოქალაქეს გაუპატიურების ორი ეპიზოდზე ბრალი წარუდგინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს რუსთავში მ.მ.-მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი“, – აცხადებს პროკურატურა.
უწყების ინფორმაციით, მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ასელ აეტპაევას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქეც. ბ.თ. პროკურატურამ 6 მაისს დააკავა და 7 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურის განცხადებით, ასელ აიტპაევას საქმის გამოძიება გრძელდება.