„ასეთ ცინიკურ საუბარს, გირჩევთ, თავი დაანებოთ“ - პრემიერი ივანიშვილის მხარდამჭერი აქციის შესახებ შეკითხვაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ტრანზაქციებთან და სხვა აქტივობებთან დაკავშირებულ სირთულეებზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა დეტალურად ისაუბრა და თუ თავად ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით თავადაც მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

„ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი არის ცნობილი. თუ დამატებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ და როგორც მოვისმინეთ, პრესკონფერენციებიც შეიძლება გაიმართოს, თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. თუ ეს საჭირო იქნება.

ყველა ეს ლეგიტიმური კითხვები, რაც დაისვა და ადვოკატების მხრიდან გაჟღერდა, რომელიც უკავშირდებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ. – მე ამ თემების დეტალებში არ შევალ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ადვოკატის მხრიდან საზოგადოებისთვის ყველა კითხვას გაეცა დამატებით პასუხი და ყველაფერი ეს ნათელია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ აქციის გამართვას ბიძინა ივანიშვილის დაცვის მიზნით:

„მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რა. ასეთ ცინიკურ საუბარს, გირჩევთ, რომ თავი დაანებოთ – ეს ერთი. მეორე – ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო, პატრიოტი კაცი. ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი ქონების, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის. 3 მილიარდ დოლარზე მეტი კაცმა დახარჯა. ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ის რეფორმა – პოლიციის, სამხედრო და სხვა სიკეთეები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში გრძელვადიანი „მშვიდობა და სტაბილურობა“, სწორედ „ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკისა და მისი პიროვნული დამსახურებაა“.