ასეთ პერიოდებში მორწმუნენი არ უშინდებოდნენ საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით - საპატრიარქო

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის და ამ დროის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია რომ; „მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს“.

მათივე თქმით, დღეს ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუმინეთის ეკლესიამ ვირუსისგან თავდაცვის მიზნით ზიარებისთვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, მათი გადამოწმებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, – კორონა ვირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.

ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „ზოგიერთი კორონავირუსი შესაძლოა გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ, მაგალითად, საყოფაცხოვრებო, სამუშაო ან სამედიცინო დაწესებულებებში“.